ფეხბურთი

23:18 | 1.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "იუვენტუსის" 9-წლიანი მეფობა დავასრულეთ"
ტურინის "იუვენტუსის" საჩემპიონო სერია 3282 დღე გრძელდებოდა და დასრულდა

მილანის „ინტერი“ ნანატრ სკუდეტოს უკვე ძალიან მიუახლოვდა. „ნერაძურიმ“ 34-ე ტურში „კროტონე“ 2:0 დაამარცხა და კვირას, ბერგამოს „ატალანტა“ თუ ვერ მოიგებს, ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.

მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მათ „იუვენტუსის“ მეფობა დაასრულეს, რომელიც 9 წელი გრძელდებოდა. „იუვემ“ ჩემპიონობის მათემატიკური შანსი სწორედ დღეს დაკარგა. „ბებერი ქალბატონის“ საჩემპიონო სერია 9 წელი, 108 თვე, 472 კვირა და 3282 დღე გრძელდებოდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი სერიაა და სხვათა შორის, პირველი სამი სკუდეტო (2012-2014) სწორედ კონტეს თავკაცობით მოიგო.

„ვფიქრობ, რომ სეზონი, რომელსაც ვატარებთ, არის შედეგი მუდმივი ზრდისა, რომელიც ამ გუნდს აქვს. ჩვენ მივაღწიეთ „იუვენტუსის“ საფემო ტახტიდან ჩამოგდებას, რომელიც 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ბიჭები ამ ყველაფერს იმსახურებენ. ხვალ დასვენების დღე გვექნება და „ატალანტას“ მატჩს ერთად არ ვუყურებთ. როდესაც გუნდში მოვედი, ბიჭებს ვუთხარი, რომ კლუბის ისტორიაში შესასვლელად მხოლოდ ერთი რამ იყო გასაკეთებელი: გამარჯვება. ვინც იმარჯვებს, ისტორიას ის წერს და რჩება კლუბის პირად ისტორიაში.

„იუვენტუსში“ და „ინტერში“ გამარჯვებები? ორი განსხვავებული სიტუაციაა. „იუვენტუსში“ როცა მივედი, მეშვიდე ადგილოსანი იყო, არ არსებობდა მიმართულება ან ხედვა. გამიმართლა, რადგან იქ დამხვდა გულშემატკივარ-პრეზიდენტი ანიელი. ჩვენ დავამარცხეთ იბრაჰიმოვიჩის, ტიაგო სილვას და გატუზოს „მილანი“, იქედან დაიწყო 9-წლიანი ციკლი. „ინტერში“ მოსვლით ყველაზე რთული არჩევანი გავაკეთე, მაგრამ გამოწვევები მომწონს. ყველა იმ გუნდის პირველი გულშემატკივარი ვარ, სადაც ვმუშაობ, ადვილი არ იყო „ინტერის“ ტიფოზების გულში მოხვედრა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდით და "ინტერის" ისტორიაში შევედით“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ იტალიის ჩემპიონი 2010 წელის შემდეგ პირველად ხდება. უფრო მეტიც, მილანურ გრანდს 2011 წლის შემდეგ, როცა იტალიის თასი მოიგო, არანაირი ტიტული არ მოუპოვებია და 10-წლიანი მშრალი სერია სრულდება. ანტონიო კონტე „ინტერში“ 2019 წლიდან მუშაობს და შარშან გუნდი სერია A-ში მეორე ადგილზე და ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა. იტალიელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში ეს მეოთხე სკუდეტო იქნება.

0.11913