ფეხბურთი

1:19 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ზედიზედ მეორე მარცხით ოთხეულს მიღმა აღმოჩნდა

იტალიის სერია A-ს 33-ე ტური დასრულდა და სეზონის ფინიშამდე 5 ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლაში საოცრად დამაინტრიგებელი ვითარება შეიქმნა.

„ნაპოლიმ“ სტუმრად „ტორინოს“ მატჩის საწყის 13 წუთში გატანილი ორი გოლით მოუგო და ტურინის „იუვენტუსს“ ქულებით გაუთანაბრდა, ბურთების ბალანსით კი საერთოდ სჯაბნის და მესამე ადგილზე გადავიდა. ჯენარო გატუზოს გუნდს საკმაოდ კარგი კალენდარიც აქვს და თუ სტაბილურობას შეინარჩუნებს, წესით ოთხეულში მოხვედრა არ გაუჭირდება, ისევე როგორც „ატალანტას“, რომელიც 68 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა ბერგამოელებს ამ ტურის მატჩი კვირას ჰქონდათ (5:0 „ბოლონიასთან“).

ტური კი რომში „ლაციოსა“ და „მილანის“ დაპირისპირებით დასრულდა და ამ მატჩის ბედზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. სიმონე ინძაგის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ოთხეულისთვის ბრძოლაში თამამად დაბრუნდებოდა, ხოლო „მილანს“ შეცდომის უფლება უკვე აღარ ჰქონდა.

მასპინძლებმა შესანიშნავად ითამაშეს და ხოაკინ კორეას გოლით უკვე მეორე წუთზე დაწინაურდნენ. არგენტინელმა მეორე ტაიმის დასაწყისში დუბლი შეასრულა, ხოლო 87-ე წუთზე ჩირო იმობილემ „როსონერის“ კარში საბოლოო ლურსმანი დააჭედა - 3:0. ამრიგად, სტეფანო პიოლის გუნდმა ზედიზედ მეორე თამაში წააგო და მეორე ადგილიდან მეხუთე პოზიციამდე დაქვეითდა.

„მილანსაც“, როგორც „ნაპოლის“ და „იუვეს“ 66 ქულა აქვს, მაგრამ გაცილებით ცუდი ბურთების ბალანსი, ვიდრე კონკურენტებს და ამ დროისთვის მეხუთე პოზიციაზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა. ამასობაში, „ლაციოც“ იქვეა, რომელსაც 61 ქულა აქვს, მაგრამ გამოტოვებული მატჩი „ტორინოსთან“, რომელსაც თუ მოიგებს ჩამორჩენა ლიგის ზონასთან მხოლოდ 2 ქულა იქნება, რაც ბევრი არაფერია.

შედეგად, იტალიაში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. სხვებთან შედარებით ყველაზე მძიმე კალენდარი „იუვენტუსს“ და „მილანს“ აქვთ, სხვათა შორის, ისინი ორ კვირაში ერთმანეთს ტურინშიც ხვდებიან. მოკლედ, სერია A-ში მაგარი ფინიში გველოდება...

„ტორინო“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 ბაკაიოკო (11), 0:2 ოსიმენი (13)

„ლაციო“ – „მილანი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კორეა (2), 2:0 კორეა (51), 3:0 იმობილე (87)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102627