ფეხბურთი

15:57 | 26.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ჩემპიონთა ლიგა "რეალის" გარეშე აბსურდია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ფიქრობს და უეფასგან სანქციებს არ ელოდება.

„ხვალ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. „ჩელსიმ“ დაიმსახურა ნახევარფინალში ყოფნა და შესანიშნავად თამაშობს, ისევე როგორც ჩვენ. უეფასგან სანქციები? ამაზე უკვე მკითხეთ და გიპასუხეთ. აბსურდია ვიფიქროთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ ვიქნებით. ახლა ბევრი ლაპარაკია, მაგრამ მე მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ჩემი აზრია, რომ ყველას სურს, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ნახოს.

ყურადღება თამაშზე უნდა გავამახვილოთ, მიაყენა თუ არა სუპერლიგამ ჩვენს რეპუტაციას ზიანი, ამაზე პასუხის გაცემა არ მსურს, ჩვენ ხვალ თამაში გვაქვს, მთავარი ეს არის. არმგონია, რომ "ჩელსი" დაცვიდან ითამაშებს. სეზონის ბოლომდე ერთი თვე დარჩა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გავიდეთ მოედანზე და მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგას შორის არჩევანს არ ვაკეთებთ, ყველა ტურნირზე ბოლომდე ბრძოლა გვინდა“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ჩელსის“ შეხვედრა 27 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141117