ფეხბურთი

11:28 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

AS ხვიჩა კვარაცხელიაზე: "ესპანეთთან მატჩმა მისი კარიერა შეცვალა და "რუბინში" ცოტა დრო დარჩა"
ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ ქართველ ფეხბურთელზე სტატია გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა As-მა მცირე სტატია მოამზადა. როგორც მასშია ნათქვამი, ესპანეთის ნაკრებთან მატჩმა კვარაცხელიას კარიერა 180 გრადუსით შეცვალა და "რუბინში" მხოლოდ საათებითა დარჩა.

„28 მარტს, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უმნიშვნელოვანეს მატჩში საქართველოს დაუპირისპირდა და საბერძნეთთან ფრის შემდეგ იძულებული იყო, აუცილებლად მოეგო. თუმცა, იქ ფარული ვარსკვლავი იმყოფებოდა - ხვიჩა კვარაცხელია. ამ თამაშში 20 წლის ქართველი ფეხბურთელის კარიერაში 180 გრადუსიანი გადატრიალება მოხდა (მისი ღირებულება უკვე 15 მილიონი ევროა).

ესპანეთს კვარაცხელიას გოლი ყელში გაეჩხირა და პირველი ტაიმი წააგო. მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა საბოლოოდ მოიგო, კვარაცხელია გოლის გარდა, სხვა მხრივაც შესამჩნევი იყო: 13 მოგებული დუელი, 5 დრიბლინგი და 1 ჩაჭრა. ბევრს ეგონა, რომ ესპანეთთან მისი ასეთი თამაში შემთხვევითობა იყო, ქართველ ფეხბურთელს უნდა დაემტკიცებინა, რომ ასე არ გახლდათ. რამდენიმე დღეში მან საბერძნეთთან შესანიშნავი გოლი გაიტანა, ბერძენი მცველების მოტყუებისა და ძლიერი დარტყმის შემდეგ, რითაც საქართველოს ქულა მოუტანა. სანაკრებო მატჩების შემდეგ კლუბში დაბრუნდა და "სოჭის" ულამაზესი და გამარჯვების გოლი გაუტანა.

ამიტომ, ბოლო ორი თვე კვარაცხელიასთვის რაკეტის სიჩქარით წარიმართა. Tuttosport-ი უკვე საუბრობს ისეთი გუნდების ინტერესზე, როგორიცაა „იუვენტუსი“ და „მილანი“. მას მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემა აქვს ყაზანის „რუბინში“, რაც წინა სეზონების მაჩვენებლებს აჭარებებს, რისი მიღწევაც 20 წლის ასაკში მოასწრო. ამრიგად, როგორც ჩანს, რუსულ კლუბში მისი საათები დათვლილია“, - წერს გავლენიანი გამოცემა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ქართველ შემტევს "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. საქართველოს ნაკრებში ხვიჩას ანგარიშზე 8 მატჩი, 3 გოლი, 1 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119316