ფეხბურთი

20:15 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკომ "უოტფორდი" ინგლისის პრემიერლიგაში გადაიყვანა

„დინამო თბილისის“ ყოფილი თავკაცის, ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილი „უოტფორდი“ მომდევნო სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშებს. ჩემპიონშიფის 44-ე ტურში ესპანელის გუნდმა „მილუოლი“ ისმაილა სარის გოლით 1:0 დაამარცხა და საგზური ოფიციალურად გაინაღდა.

სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „უოტფორდს“ 88 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ „ბრენტფორდს“ კი 10 ქულით უსწრებს და მიუხედავად იმისა, რომ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, მეორე პოზიციას აღარ დაკარგავს. შესაბამისად, პრემიერლიგაში დაბრუნდა.

ჩისკო მეოთხე ესპანელი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონშიფიდან გუნდი პრემიერლიგაში გადაიყვანა. მანამდე იგივე რობერტო მარტინესს (2007-2008, „სუონსი“), აიტორ კარანკას (2015-2016, „მიდლსბრო“) და რაფაელ ბენიტესს (2016-2017, „ნიუკასლი“) გაეკეთებინათ.

შეგახსენებთ, ჩისკომ „უოტფორდი“ დეკემბერში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა შესანიშნავი შედეგები აჩვენა. აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგის საგზური უკვე მოპოვებული აქვს „ნორვიჩს“, ხოლო მესამე გუნდის ვინაობა პლეი-ოფში გაირკვევა.

0.132049