ფეხბურთი

1:25 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: "სუპერლიგა საუკეთესო ვარიანტია ფულის საშოვნელად, სხვა შემთხვევაში ბევრი გუნდი გაკოტრდება"
"უეფამ ისეთი ფორმატი წარმოადგინა, რომელიც ახლანდელზე უკეთესიც არ არის"

მადრიდის „რეალის“ და ევროპის სუპერლიგის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თავისი ინიცირებული პროექტის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. მუხედავად, უეფას მუქარისა და გაფრთხილებებისა, როგორც ჩანს, პერესი გეგმაზე უარის თქმას არ აპირებს.

ესპანელი As-თან საუბარში დაჟინებით იმეორებდა იმას, რაც წინა დღეებში არაერთხელ თქვა: ეს არის ერთადერთი გზა ფეხბურთის გადასარჩენად და გუნდების გაკოტრებისგან დასახსნელად.

„სუპერლიგა ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ ჩემპიონატებს, ასევე არ არის მერიტოკრატიული? არც ერთია სიმართლე და არც მეორე, ყველაფერი მანიპულირებულია. ეს პროექტი არ არის ეროვნული ჩემპიონატების საპირისპირო. სუპერლიგის პროექტი საუკეთესოა, რაც შეიძლება გაკეთდეს ფეხბურთის კრიზისიდან გამოსასვლელად. ფეხბურთი ძალიან დაზარალდა, რადგან მისი ეკონომიკა იძირება და ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც დღევანდელი ცხოვრება მოითხოვს, დროებთან ადაპტირება უნდა მოხდეს. სუპერლიგა არ ეწინააღმდეგება ეროვნულ ჩემპიონატებს და მიზნად ისახავს მეტი ფულის შოვნას ფეხბურთისთვის.

ვფიქრობ, უეფას ახალი რეფორმა ვერ გადაწყვეტს პრობლემას, რადგან ის, რაც წარმოადგინეს, იმ ფორმატზე უკეთესიც კი არ არის, რომელიც ახლა არსებობს. ჩვენ ვერ დაველოდებით 2024 წელს. თუმცა, ჩვენ რაღაცაში მაინც შევცდით. მოდით, შევადაროთ იდეები. გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ ყველა ქვეყნიდან პირველი ოთხი გუნდი ჩაერთოს ტურნირში, არ ვიცი. რაღაც უნდა გაკეთდეს, რადგან 14-დან 24 წლამდე ახალგაზრდები უარს ამბობენ ფეხბურთზე, რადგან მათთვის მოსაწყენია, სხვა რამით გართობას ამჯობინებენ. მსოფლიოში 4 მილიარდი გულშემატკივარია და მათი ნახევარი სუპერლიგის კლუბების ქომაგია. ფეხბურთი ერთადერთი გლობალური სპორტია.

გადავიდეთ მონაცემებზე: KPMG-ის საკონსულტაციო ანგარიშმა, გასული სეზონის პანდემიის მხოლოდ სამ თვეში აჩვენა, რომ სუპერლიგის 12 კლუბის ზარალი 650 მილიონ ევროს შეადგენს. წელს, მთელი სეზონის განმავლობაში მათი ზარალი 2000 ან 2 500 მილიონ ევროს მიაღწევს. ახლახან „ბორდო“ გაკოტრდა. ან რამეს სწრაფად გავაკეთებთ, ან ბევრი კლუბი გაკოტრდება. რეალობა ისაა, რომ თუ უფრო საინტერესო და კონკურენტული მატჩები გაიმართება, ფეხბურთში მეტი ფული გაჩნდება. ეს იქნება ყველასთვის, არამხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის“, - თქვა პერესმა.

შეგახსენებთ, სუპერლიგის პროექტზე უარი ამ დროისთვის „რეალის“ გარდა „იუვენტუსს“, „ბარსელონას“ და „მილანს“ არ უთქვამთ. ოთხივე კლუბს უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი დაემუქრა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ სუპერლიგაზე ეს კლუბები უარს არ იტყვიან, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას ჩამოართმევენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100884