ავტოსპორტი

0:00 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა ჰამილტონი დაამარცხა და ემილია რომანიას დიდი პრიზი მოიგო

მაქს ფერსტაპენმა იმოლაში ემილია რომანიას დიდი პრიზის რბოლა მოიგო. ლუის ჰამილტონმა ამჯერად ფავორიტის დამარცხება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, გაუმართლა, რომ მეორე ადგილზე გავიდა. მან ეს დაძაბულ ბრძოლაში შეძლო, მაგრამ იყო მომენტი, როცა შეიძლებოდა, რომ რბოლა ნაადრევად დაესრულებინა.

საკუთარი შეცდომის შემდეგ, მან დამცავ ზღუდესაც დააღწია თავი, ხრეშის ხაფანგსაც და დაზიანებული მანქანით მეტოქეებიც ჩამოიტოვა. მაგრამ მისი ინციდენტიდან მალევე, ვალტერი ბოტასი და ჯორჯ რასელი რომ არ დაჯახებოდნენ, ჰამილტონს ქულის აღებაც გაუჭირდებოდა. თუმცა ეს რბოლაა, „რომ“ არ ითვლება და თანაც, იღბალი ყოველთვის ძლიერებისკენაა. და თან, ჩემპიონმა მეორე შეცდომა აღარ დაუშვა და ინციდენტის შემდეგ, მეცხრედან მეორე ადგილამდ ამოვიდა...

რბოლა რომ საინტერესო იქნებოდა, ეს ჯერ კიდევ სტარტამდე აშკარა გახდა, როცა წვიმა დაიწყო. წვიმა რისკს ზრდის და მასთან ერთად, მოულოდნელ შედეგებსაც გვიმზადებს. რაც მთავარია, რბოლების სანახაობრიობას აუმჯობესებს. ამჯერადაც ასე იყო.

ფერსტაპენმა სტარტზევე გააკეთა ნახევარი საქმე - სერხიო პერესი პირველ მოსახვევამდე ჩამოიტოვა, იმავე მოსახვევიდან გამოსვლისას კი ჰამილტონსაც გაასწრო. შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდიელმა რბოლა ამ გასწრებით მოიგო. მაგრამ რესტარტზე იყო მომენტი, რომელმაც მისი რბოლა კინაღამ ნაადრევად დაასრულა. საბოლოოდ, მან ჰამილტონს 22 წამით აჯობა და კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა.

შესანიშნავად იასპარეზა ლანდო ნორისმა, ვინც კარიერაში მეორედ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. რბოლის მიწურულს მას ჰამილტონმა გაასწრო. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დროს ის გვარიანად გაცვეთილი რბილი საბურავებით იყო, რამაც პოზიციის შენარჩუნების საშუალება არ მისცა.

მეოთხე და მეხუთე ადგილები „ფერარის“ პილოტებმა, შარლ ლეკლერმა და კარლოს საინსმა დაიკავეს. მარანელოელებმა აშკარად გამოასწორეს საქმე, თუმცა სტატისტის როლში ყოფნა მათთვის შესაფერისი ვერ იქნება...

რაც შეეხება ბოტასის და რასელის შეჯახებას, ის მაშინ მოხდა, როცა რასელი „მერსედესის“ პილოტს ასწრებდა. რასელის „უილიამსი“ მარჯვენა ბორბლებით სველ ბალახზე გადავიდა და მოცურდა, უკონტროლო მანქანა კი გვერდზე მიმავალ ბოტასს დაეჯახა. ტრასა ნამსხვრევებით გაივსო, რის გამოც, რბოლა ნახევარი საათით შეწყდა.

მომდევნო ეტაპი პორტუგალიის დიდი პრიზია და ის 2 მაისს ჩატარდება.

ემილია რომანიას დიდი პრიზი

იმოლა, დისტანცია 309.049 კმ (4.909 კმ, 63 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 2:02:34.598
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +22.000
  3. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 23.702
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 25.579
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 27.036
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 51.220
  7. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 51.909
  8. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 52.818
  9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1'04.773
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'05.704
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1'06.561
  12. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1'07.151
  13. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'13.184
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  15. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე (გამოეთიშა)
  16. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2 წრე
  17. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2 წრე
  18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 28 წრე
  19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 28 წრე
  20. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 63 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:16.702 (მე-60 წრე, 230.403 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 44 ქულა; 2. მაქს ფერსტაპენი - 43; 3. ლანდო ნორისი - 27; 4. შარლ ლეკლერი - 20; 5. ვალტერი ბოტასი - 16; 6-7. კარლოს საინსი და დანიელ რიკარდო - 14; 8. სერხიო პერესი - 10; 9. ლანს სტროლი - 7; 10. პიერ გასლი - 4; 11-12. კიმი რაიკონენი და იუკი ცუნოდა - 2; 13. ესტებან ოკონი - 1

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 60 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 53; 3. მაკლარენ-მერსედესი - 41; 4. ფერარი - 34; 5. ასტონ მარტინ-მერსედესი - 7; 6. ალფატაური-ჰონდა - 6; 7. ალფა რომეო-ფერარი - 2; 8. ალპინ-რენო - 1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.170696