ავტოსპორტი

21:25 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის 99-ე პოულ პოზიცია

ემილია რომანიას დიდ პრიზზე, რომელიც იმოლას (იტალია) სარბოლო ტრეკზე ტარდება, საკვალიფიკაციო რბოლა ლუის ჰამილტონმა მოიგო. მას სულ რაღაც, 0.035 წამით ჩამორჩა სერხიო პერესი, 0.087 წამით კი - მაქს ფერსტაპენი. ჰამილტონისთვის ეს კარიერაში 99-ე პოულია. მისი თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი მხოლოდ მერვე შედეგს დასჯედა.

„ეს მომწონს, გამოწვევები მომწონს. ჩვენ ორი რედ ბული გვყავს უკან. ეს სტრატეგიას გაართულებს, მითუმეტეს, მათ რბოლისას კარგი ტემპი ექნებათ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც პოულის დრო პირველივე სწრაფ წრეზე დააფიქსირა.

პერესს შესანიშნავი დრო ჰქონდა და თავისი შედეგით კმაყოფილიც დარჩა, თუმცა ისიც თქვა, შეცდომა დავუშვი, თორემ პოულიც შესაძლებელი იყოო. „მეორემდე ამოვედი, მაგრამ ბოლო მოსახვევში შეცდომა რომ არ დამეშვა, პოულიც შესაძლებელი იყო“, - განაცხადა მექსიკელმა.

სხვათა შორის, ფერსტაპენს კვალიფიკაციაში ბოლოს თანაგუნდელმა 2018 წელს აჯობა და ეს თანაგუნდელი დანიელ რიკარდო იყო. ჰოლანდიელმა ეს მცირე მარცხი ღირსეულად მიიღო: „ყოველთვის კარგი ვერ იქნები. მოგვიანებით ვნახავ, რა გავაკეთე არასწორად. თუმცა ცუდი არც მესამე ადგილია. ეს კარგი სასტარტო პოზიციაა“.

რბოლისას მეორე საუკეთესო დრო ლანდო ნორისს ჰქონდა, მაგრამ თავისი სწრაფი წრის შესრულებისას, ტრასის ლიმიტი დაარღვია, რის გამოც, ეს შედეგი გაუუქმდა. საბოლოოდ, ბრიტანელი მეშვიდე დროს დასჯერდა. მასზე წინ (მეხუთე და მეექვსე პოზიციებზე) პიერ გასლი და რიკარდო დადგებიან.

როგორც იქნა, უკანა რიგებს თავს აღწევს „უილიამსი“ - მისმა ორივე პილოტმა, კვალიფიკაციის მეორე ნაწილში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რაც წინა წლებთან შედარებით, სერიოზული პროგრესია. თუმცა, გუნდის ამბიციებს ეს ჯერ არ შეეფერება. ჯორჯ რასელმა მე-12 დრო დააფიქსირა და პოულთან წამზე ნაკლები წააგო. თუმცა ბრიტანლი მაინც უკმაყოფილო დარჩა. არადა, მსოფლიოს ორი ჩემპიონი - სებასტიან ფეტელი და ფერნანდო ალონსო ჩამოიტოვა.

კვალიფიკაციის პირველ ნაწილში ავარია მოუვიდა იუკი ცუნოდას, ვინც თავის „ალფატაურიზე“ კონტროლი დაკარგა და ბორბლების კედელს შეეჯახა.

ემილია რომანიას დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'14.411
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.035
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.087
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.329
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.379
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 0.415
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.464
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.487
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 0.799
  10. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) დროის გარეშე

=====

  1. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.788
  2. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 0.850
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 0.983
  4. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1.182
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.182

=====

  1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.563
  2. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1.711
  3. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.868
  4. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2.386
  5. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) დროის გარეშე
0.191359