ფეხბურთი

18:32 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება და ლიდერის პოზიცია (+VIDEO

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალური შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც „ლოკომოტივი“ „დინამო თბილისთან“ მასპინძლის რანგში თამაშობდა. თბილისური დერბი თურქმა არბიტრებმა იმსაჯეს, მთავარი მსაჯის ფუნქცია კორაი გენჩრელერმა შეასრულა.

შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა. „ლოკოს“ შანსი ჰქონდა ლიდერთან ჩამორჩენა შეემცირებინა, მეორეს მხრივ, „დინამო“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვებას უმიზნებდა.

74-ე წუთამდე გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს, უფრო მეტიც - საგოლე მომენტები ძალზე მწირი რაოდენობით შეიქმნა და იმ დროისთვის ნულოვანი ანგარიში სრულიად ლოგიკურად ფიქსირდებოდა. მერე კი, 11-წუთიან 4 გოლი გავიდა, 3 მასპინძელთა კარში.

თორნიკე ახვლედიანის კარგი პასით ანგარიში ანზორ მექვაბიშვილმა გახსნა და გიორგი ნემსაძის გუნდი წინ გავიდა, რასაც მალე მეორეც გოლიც მოჰყვა. ზორან მარუშიჩმა რევაზ თევდორაძის კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა,ხოლო ორი წუთში სერბმა ფორვარდმა პრაქტიკულად დუბლი შეასრულა, თუმცა ბურთი მანამდე გიორგი ქველაძეს მოხვდა და ავტოგოლიც მას გაუფორმდა.

საბოლოო ანგარიში გურამ კაშიამ დააფიქსირა. „ლოკომოტივის“ მცველმა ახლო მანძილიდან შეძლო ყოფილი გუნდის კარში გატანა და სხვათა შორის, გურამმა ბოლო ოთხ შეხვედრაში უკვე მესამე გოლი გაიტანა! თუმცა, ამ გოლმა მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

„დინამო თბილისმა“ ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 22 ქულით პირველი წრე პირველ პოზიციაზე დაასრულა, ხოლო „ლოკომოტივი“ 14 ქულით მეხუთე ადგილზეა.

„ლოკომოტივი“ – „დინამო თბილისი“ 1:3 (0:0)

გოლები: 0:1 მექვაბიშვილი (74), 0:2 მარუშიჩი (80), 0:3 ქველაძე (82, ა.გ), 1:3 კაშია (85)

0.155442