ფეხბურთი

16:30 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

Tuttomercatoweb: კვარაცხელია ერთი-ერთზე თამაშში ნამდვილი ქილერია"

იტალიურმა გამოცემამ Tuttomercatoweb-მა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემდევის, ხვიჩა კვარაცელიას შესახებ დაწერა. გამოცემის ყოველდღიურ რუბრიკაში „დღის ტალანტი“ - ამჯერად ყურადღება 20 წლის ქართველზე შეაჩერეს.

ამ რუბრიკის მთავარი დანიშნულება ახალგაზრდა ფეხბურთელების მკითხველისთვის გაცნობაა და იტალიური საიტის მცირე წერილი ასე სათაურდება: „ხვიჩა კვარაცხელია: ერთი-ერთზე ნამდვილი ქილერი“.

„ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც იტალიური გუნდები რამდენიმე კვირაა ყურადღებით აკვირდებიან: 2001 წელს დაბადებული ქართველი, რომელიც მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს, ძლიერია ტექნიკურად და სწრაფი მოკლე სივრცეებში. აბსოლუტურად ორმხრივი მოთამაშეა, მას შეუძლია საპირისპირო ფლანგზეც ითამაშოს, მაგრამ მარცხნივ უფრო უკეთესია და პირდაპირ მეტოქის მოტყუებაზე თამაშობს: ნამდვილი ქილერია ერთი-ერთზე და სტანდარტების შესრულებაც ეხერხება. „რუბინში“ მას კუთხურები მინდობილი აქვს და შედეგები ხშირად შესანიშნავია“, - წერს გამოცემა, რომელიც ზოგად აღწერაში იმასაც ამატებს, რომ „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ იანიკ ფერეირა-კარასკოს ჰგავს.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით 5 მილიონი ევროთი გაძვირდა და ახლა ჩვენებური 15 მილიონ ევროდ ფასობს, „რუბინი“ კი მასში სავარაუდოდ უფრო მეტსაც მოითხოვს.

კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 8 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „რუბინში“ მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში თავი 4 გოლით, ამდენივე საგოლე პასითა და მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ქართველ შემტევს ბოლო დროს „მილანს“, „იუვენტუსს“, „ბაიერნს“ და „დორტმუნდს“ უკავშირებენ.

0.156059