ავტოსპორტი

0:59 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანადის დიდი პრიზი ალბათ ისევ გაუქმდება

კანადის დიდი პრიზი, რომელიც 13 ივნისს უნდა გამართულიყო, სავარაუდოდ, ზედიზედ მეორედ გაუქმდება. ეს ინფორმაცია არაოფიციალურია და მას CBC რადიო ავრცელებს. თუმცა ფორმულა 1 ირწმუნება, რომ მონრეალის რბოლის ორგანიზატორებთან და ქალაქის ხელისუფლებასთან, მოლაპარაკება გრძელდება.

კანადა ამჟამად პანდემიის მესამე ტალღას ებრძვის. იქ ვირუსის რამდენიმე ვარიანტია გავრცელებული. ამიტომ, მონრეალის ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ რბოლის დახურულ კარს მიღმა, მაყურებლის გარეშე ჩატარებაც კი, სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ფ1-ის ოფიციალურ პირებს სურთ, რომ გუნდების წევრებისთვის, ოფიცალური პირებისა და რბოლის მომსახურე პერსონალისთვის, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი გაუქმდეს. მათი შეთავაზებით, რბოლის მონაწილეები ჩაკეტილ სივრცეში (ეგრეთ წოდებულ ბუშტში) იქნებიან, რაც ვირუსის გარეთ გატანას გამორიცხავს. მსგავს სისტემას, სპორტის სხვა სახეობები წარმატებით იყენებენ.

კანადური დიდი პრიზის წინ, კალენდარში აზერბაიჯანის რბოლაა, რომელიც შარშან ასევე გაუქმდა, მაგრამ წელს მისი ჩატარება გადაწყდა. ბაქოს რბოლა 6 ივნისს არის დაგეგმილი.

გამოცემა „ავტოსპორტის“ წარმომადგენელი დაუკავშირდა კანადური დიდი პრიზის პრომოუტერს, რომელმაც განუცხადა, რომ რადიოში გავრცელებული ინფორმაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ემყარება და ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა.

არაოფიციალური ინფორმაციით, კანადური ეტაპის გაუქმების შემთხვევაში, მის ადგილს თურქეთი დაიკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117305