რაგბი

21:44 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | დებიუტანტი თორელები ენთუზიაზმისა და თავდადების ხარჯზე

სამცხე-ჯავახეთის რეგიონმა პირველ ლიგაში მეორე გუნდი იმატა. ‘ტაოს’ კვალ, მომავალ სეზონში ლიგაში ‘ბორჯომიც’ იასპარეზებს. გასულ სეზონში თორელებმა რეგიონულ ლიგაში 14-დან 13 შეხვედრა მოიგეს, უშუალო კონკურენტ ‘გორს’ ცხრილში 1 ქულით აჯობეს და დაკავებული პირველი ადგილით, ბორჯომის ისტორიაში პირველ ლიგაში თამაშის უფლებაც პირველად მოიპოვეს.

‘ბორჯომის’ წარმატების მთავარი შემომქმედებად, გუნდის დამრიგებელი და მოთამაშე-მწვრთნელი ჯაბა გელაშვილი, ასევე მისი თანამოაზრეები შალვა დავითაშვილი, ვანო ხაჩიძე, ლევან გენებაშვილი და გიგა ბუხნიკაშვილი გვევლინებიან. სწორედ გუნდის აღნიშნულმა სტაფმა დაუდო სათავე 2 წლის წინ თორეთში რაგბის აღორძინების საშურ საქმეს. გულანთებული ენთიზიასტების (ყველა მათგანი დღემდე უხელფასოდ მუშაობს) მიერ შექმნილ გუნდში 20-მდე ადგილობრივი მოთამაშე ირიცხება, მათგან 12, მატჩის საგანაცხადო შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება. სამი ბორჯომელი მორაგბე რეგიონის მთავარი გუნდის – ‘ტაოს’ ღირსებას იცავს. ‘ბორჯომის’ ბირთვს კი ამ ეტაპზე რამდენიმე დედაქალაქური გუნდის ესპუარები ქმნიან, რომლებიც თორეთში იჯარის წესით თამაშობენ.

ჯაბა გელაშვილი წლებია, რაც თანაქალაქელებთან, ლიცენზირებულ მწვრთნელებთან ვანო ხაჩიძესა და საბა ახობაძესთან ერთად მშობლიურ მხარეში ყმაწვილების რაგბით დაკავებასა და მათ შემდგომ დაოსტატების პროცესს უდგას სათავეში. 24 წლის ვანო ხაჩიძე ‘ბორჯომის’ კაპიტანიც გახლავთ. ამჟამად ბორჯომის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის 150-მდე მოზარდი და ჭაბუკი ეუფლება ოვალური ბურთის ფილოსოფიას, რომელთა რიცხვი სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში უახლოესი 2-3 წლის მანძილზე შესაძლოა 500-მდე გაიზარდოს. გელაშვილის თქმით, თორეთში რაგბის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, მატულობს რაგბში ჩართვის მსურველთა ოდენობა და მომავალ სეზონში ქალაქს გუნდი ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგაშიც ეყოლება. ასევე იგეგმება რეგიონულ ლიგაში გუნდის გამოყვანა, რომელიც სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით ‘ბორჯომის’ მთავარი გუნდის განაცხადს მიღმა დარჩენილი მორაგბეებით დაკომპლექტდება.

‘ბორჯომის’ მთავარი პრობლემა უსახსრობა და საკუთარი არენის უქონლობაა. ადგილობრივი მოზარდებისა და ჭაბუკების წვრთნის პროცესი ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ქალაქის საფეხბურთო სტადიონზე ხორციელდება. სრკ-ს რეკომენდაციითა და კავშირის რეგიონული სამსახურის უფროსის, გაიოზ მონიავას ძალისხმევით, გუნდმა გასული სეზონის საშინაო შეხვედრები გორში, „რაგბი-ჭალის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩაატარა. გასულ ზაფხულში, რაგბის კავშირში გამოცხადებულ გარდამავალ პერიოდში კი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ თორნიკე გოგებაშვილის ინიციატივით, გუნდმა თავისი არსებობის მანძილზე პირველი დაფინანსებაც მიიღო.

სრკ-ს ახალ პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძის მიერ დაანონსებული პირველი ლიგის ბინადარი გუნდების ბიუჯეტის საგრძნობი ზრდა, ‘ბორჯომს’ პროფესიულ კლუბად ჩამოყალიბების კარგ პერსპექტივას უქმნის. ‘ბორჯომის’ თავკაცობა იმედოვნებს, რომ აღნიშნულ პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც აქტიურად ჩაერთვება, რაც თორელი ახალგაზრდობის ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღების საშური საქმის აპრიორი გახლავთ.

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12216