ფეხბურთი

17:05 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

წყალტუბოს „სამგურალი“ გამოცდილმა სპეციალისტმა სოსო ფრუიძემ ჩაიბარა. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ფრუიძემ უჩა სოსიაშვილი შეცვალა, რომელმაც გუნდის დატოვება „დინამო ბათუმთან“ (0:2) მარცხის შემდეგ გადაწყვიტა.

„მოხარული ვარ რომ დავბრუნდი კლუბში, სადაც, მთავარი მწვრთნელი რანგში, უმაღლეს ლიგაში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. „სამგურალის" ასპარეზობას ყოველთვის თვალს ვადევნებდი... კლუბის ხელმძღვანელობამ ორი დღის წინ შემომთავაზა თანამშრომლობა. მქონდა მათთან შეხვედრები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და მივიღე გადაწყვეტილება დავთანმხმებულიყავი მათ შემოთავაზებას. მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის, ამ ეტაპზე გუნდის გაცნობის პროცესში ვარ. პირველ ვარჯიშს დღეს ჩავატარებ. დარწმუნებული ვარ უჩა სოსიაშვილს კარგი სამუშაო ექნება გაწეული. ვეცდებით, რომ „სამგურალმა" რაც შეიძლება მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს", - ციტირებს „სამგურალის“ ვებგვერდი ფრუიძის სიტყვებს.

სოსო ფრუიძე ბოლოს თბილისის „ლოკომოტივში“ მუშაობდა, თუმცა მცირე ხნით. მას „ზესტაფონი“, „სამტრედია“, „ტორპედო“ და „ბორჯომი“ გაუწვრთნია, მუშაობის გამოცდილება კი „სამგურალშიც“ აქვს, რომელსაც 1994 წელს და 1995-1996 წლების სეზონში თავკაცობდა. კარიერის საუკეთესო პერიოდი კი 2007-2019 წლებში საჩხერის „ჩიხურაში“ გაატარა, რომელიც რამდენჯერმე ევროტურნირებზე გაიყვანა, თითოჯერ კი საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112511