ფეხბურთი

1:16 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

როცა წაგება მოგებას ნიშნავს: პსჟ და "ჩელსი" ნახევარფინალში

ჩემპიონთა ლიგას ორი ნახევარფინალისტი ჰყავს - „ჩელსი“ და „პარი სენ ჟერმენი“. ორივემ შინ ერთნაირად 0:1 წააგო, მაგრამ პირველ მატჩში სტუმრად უფრო კომფორტული უპირატესობით ჰქონდათ მოგებული და მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგა მოქმედი ჩემპიონის გარეშე დარჩა - „ბაიერნი“ გავარდა.

პსჟ-სა და „ბაიერნის“ თამაში როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან საინტერესო გამოდგა. პირველ ტაიმში ორივე გუნდს არაერთი მომენტი შეექმნა, მაგრამ განსაკუთრებით ნეიმარს, რომელმაც უამრავი შანსი ხელიდან გაუშვა. ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს სამჯერ მანუელ ნოიერმა რთული ბურთი აუღო, მერე კი, როცა ნოიერი ვერას გახდებოდა, „ბაიერნს“ მშველელად ხარიხა და ძელი მოევლინა.

ნეიმარმა ძალიან ტექნიკურად ითამაშა ტაიმის ბოლოს და გოლი რომ გარდაუვალი ჩანდა, ბურთი ხარიხას მოხვდა. სულ მალე ნეიმარს ხელი ძელმა შეუშალა და ანგარიში უცვლელი დარჩა. ძალზე რეალური საგოლე მომენტების განიავებისთვის პსჟ დაისაჯა და მე-40 წუთზე „რეკორდმაისტერი“ დაწინაურდა. დავიდ ალაბას კეილორ ნავასმა რთული ბურთი აუღო, მაგრამ დამატებაზე ერიკ ჩუპო-მოტინგმა ყოფილი გუნდის დამწუხრება ისევ მოახერხა, როგორც 6 დღის წინ მიუნხენში და თავისიანები წინ გაიყვანა.

გოლმა „ბაიერნს“ ფრთები შეასხა და ჰანსი ფლიკის გუნდი ძალიან გააქტიურდა. მიუხედავად იმისა, რომ ტაიმის ბოლომდე სულ 5 წუთი რჩებოდა, გერმანელებს ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ნავასმა ჯერ ალაბას გოლისგან იხსნა გუნდი და მერე ლეროი სანეს აჯობა. მეორე ნახევარშიც პირველი მომენტი „ბაიერნის“ იყო: ისევ ალაბა და ამჯერად კარს ოდნავ ააცილა. 53-ე წუთზე პსჟ ძალიან ახლოს იყო გოლთან და ფრანგების საოცარი კომბინაცია კვლავ ნეიმარმა ვერ დააგვირგვინა, რომელიც აბსოლუტურად ცარიელ კარში ბურთს ვერ შესწვდა, როცა ანხელ დი მარიამ სტუმართა მცველები და ნოიერი უსაქმოდ დატოვა. ულამაზესი გოლი იქნებოდა, მაგრამ ფინიში არ შედგა.

ამის შემდეგ პსჟ უფრო ახლოს იყო გოლთან უფრო ამწვავებდა თამაშს, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში არაფერი გამოსდიოდა. საპასუხოდ, ბაიერნმა ნამდვილად ვეღარ შექმნა განსაკუთრებული მომენტი და ფრანგებისთვის დაძაბული 90 წუთი სასიკეთოდ დასრულდა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა და ეს სტუმრად გატანილი გოლის წესის დამსახურებაა, რადგან ორი მატჩის ჯამში ფრე 3:3 დაფიქსირა.

„პარი სენ ჟერმენი“ ნახევარფინალში „დორტმუნდი“ – „მანჩესტერ სიტის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო „ბაიერნმა“ ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა და ჩემპიონთა ლიგას ახალი გამარჯვება ეყოლება.

პარალელურად, ლონდონის „ჩელსი“ ფორმალურად სევილიაში „პორტუს“ მასპინძლობდა. ინგლისურ გუნდს პირველი შეხვედრა იმავე სტადიონზე, ოღონდ სტუმრის სტატუსით 2:0 ჰქონდა მოგებული და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი იმთავითვე გადადგა.

საპასუხო შეხვედრა საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, თუმცა, „პორტუმ“ ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვებაც მოიპოვა. თუმცა, ის არის, რომ სერჟიო კონსეისაოს გუნდმა ძალიან გვიან გაიტანა და მერე მეორეს გასატანად დრო აღარ ჰქონდა. არადა, ირანელმა თავდამსხმელმა მეჰდი ტარემიმ ულამაზესი მაკრატელა გაიტანა და ისე მოაგებინა „დრაკონებს“, მაგრამ ეს ძალიან გვიან, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე მოხდა და ფიზიკურად პორტუგალიელებს დრო აღარ ჰქონდათ.

„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 7-წლიანი პაუზის შემდეგ (2013-2014) გავიდა და მეტოქეს ელოდება, რომელიც მადრიდის „რეალისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრაში გამოვლინდება.

„პარი სენ ჟერმენი“ – „ბაიერნი“ 0:1 (0:1)

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): ნავასი; დაგბა, დანილო, კიმპემბე, დიალო (ბაკერი 58); განა გეიე, პარედესი; დი მარია (ერერა 88), ნეიმარი, დრაქსლერი (კინი 73); მბაპე

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დევისი (მუსილა 71); კიმიხი, ალაბა; სანე, მიულერი, კომანი; ჩუპო-მოტინგი (ხავი მარტინესი 85)

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

გოლი: 0:1 ჩუპო-მოტინგი (40)

გაფრთხილება: დაგბა (55), ერერა (90) - ალაბა (52), მიულერი (68)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 13 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 8:3

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

„ჩელსი“ – „პორტუ“ 0:1 (0:0)

სევილია, „სანჩეს პისხუანი“

„ჩელსი“ (3-4-3): მენდი; ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა, რუდიგერი; ჯეიმსი, ჟორჟინიო, კანტე, ჩილველი; მაუნთი (ზიეჩი 86), ჰავერტცი (ჟირუ 90), პულიშიჩი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„პორტუ“ (4-3-3): მარჩესინი; მანაფა (ნანუ 75), მბემბა, პეპე, ზაიდუ; სერჟიო ოლივეირა (ვიეირა 84), გრუიჩი (ტარემი 63), მათეუსი; კორონა (ლუის დიასი 75), მარეგა (ევანილსონი 75), ოტავიო

მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო

გოლი: 0:1 ტარემი (90)

გაფრთხილება: ოლივეირა (46), კორონა (74), პეპე (82), ლუის დიასი (88), ტარემი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 5 (2) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116871