კალათბურთი

22:05 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის მატჩებს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის მატჩები გაიმართა. აღნიშნულ ტურნირში დარჩენილი 8 გუნდი ოთხთა ფინალში გასასვლელად იბრძვის, რომლებმაც ორმატჩიან მეოთხედფინალურ სერიაში უნდა მოიპოვონ ფინალური ეტაპის საგზური.

მეოთხედფინალური სერიები ორმატჩიანია. შესაბამისად, პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობა გუნდებს მეორე მატჩში მიჰყვებათ და 2 შეხვედრის ჯამში რომელსაც უკეთესი შედეგი ექნება, ოთხთა ფინალშიც ის გუნდი გავა. დღეს დაფიქსირებულ შედეგებში სოლიდური უპირატესობა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა. შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ნებისმიერ გუნდს გააჩნია.

პირველ შეხვედრაში “ცხუმ-აფხაზეთმა” 76:66 (სტატისტიკა) დაამარცხა “ტიტები” და ოთხთა ფინალისკენ საკმაოდ მოზრდილი ნაბიჯი გადადგა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი სუპერლიგაშიც წარმატებით ასპარეზობს და თასის გათამაშებაში “ტიტებთან” გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. გამარჯვებულებს 15 ქულით ვასილ ბერუაშვილმა ულიდერა. 13 ქულა გიორგი შარაბიძის ანგარიშზე დაგროვდა. ტიტებში 16 ქულით ბრენდონ აუგბორნსი, ხოლო 14-ით პრინს უილიამსი გამოირჩა.

ამ გუნდების სერიის მეორე მატჩი 22 აპრილს გაიმართება. ტიტებს 11 ქულით გამარჯვება უნდა, ოთხთა ფინალში რომ გავიდეს.

მეორე მეოთხედფინალში ერთმანეთს “კაკტუსი” და “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი კაკტუსელები ერთხანს 10 ქულით უგებდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს, რისი ერთ-ერთი მიზეზი ერთ-ერთი მოთამაშის, ლევან მასხულიას თამაშიდან გაძევებაა, რომელმაც 2 ტექნიკური ჯარიმა მიიღო.

საბოლოოდ რუსთაველებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და სერიის საპასუხო მატჩს 8-ქულიანი ჰანდიკაპით ხვდებიან – 86:94 (სტატისტიკა). გამარჯვებულთაგან 32 ქულით საუკეთესო იყო მალიქ უაითი. 16 ქულა დევიდ ოკეკემ მოაგროვა. 14-14 ქულა კი ჯილან ვაშინგტონისა და მაიკ დევისის ანგარიშზე დაგროვდა. კაკტუსში 28 ქულით საუკეთესო იყო სამაი ჰაინს ჯონსი. 14 ქულა ეი ჯეი სამბრიმ მოაგროვა.

მომდევნო წყვილში დინამოსა და ქუთაისის დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. დინამოელები მატჩის უმეტეს დროს იგებდნენ, თუმცა კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა საბოლოოდ მოახერხეს გამარჯვებამდე მისვლა. საბოლოოდ იმერულმა კლუბმა 81:76 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

ქუთაისელებს 18-18 ქულით აკაკი დვალიშვილმა და ჟოელ ალმეიდან ულიდერეს. დვალიშვილს პლუს 12 მოხსნაც ჰქონდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. დინამოში 28 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ბულაშვილი.

ბოლო მეოთხედფინალურ სერიაში ერთმანეთს “ოლიმპი” და თსუ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ოლიმპელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა იყო მომენტები, როცა უნივერსიტეტელებმა ბრძოლის ხასიათი გამოაჩინეს და ერთხანს 17 ქულით ჩამორჩენილები, 3 ქულით გალიდერდნენ. ეს იყო თსუ-ს მაქსიმუმი,. ბოლო პერიოდში ოლიმპელებმა სრული მობილიზებით ითამაშეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ – 91:85 (სტატისტიკა).

გამარჯვებულებს 21 ქულით კენდრიკ ტომპსონმა ულიდერა. 19 ქული ბუნდუ აბდულაიმ მიითვალა. თსუ-ში 21 ქულით საუკეთესო იყო ქუენთინ დავი,ხოლო მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის საპასუხო მატჩები 21 და 22 აპრილს გაიმართება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117887