რაგბი

13:05 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | მუხიანელთა სრულფასოვანი რევანში

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის მეათე ტური რიონისპირული დერბით დაიწყო. ‘აიამ’, თანაქალაქელ ‘არესს’ ტაიმებში 3-3 ლელო გაუნაწილა, „მშრალი“ ანგარიშითა და დაგეგმილი პრემიით 34:0 იმარჯვა. ‘აიამ’ სეზონში მეშვიდე მატჩი მოიგო, 34 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე რჩება, თუმცა დაკარგული ქულებით მეორეადგილოსან ‘ხვამლს’ კვლავინდებურად ასწრებს. ‘არესი’ კი ცხრილში ბოლო ადგილს დაუბრუნდა.

‘აიას’ დამრიგებელი გაგა გურეშიძე შეგირდთთაგან უპირატესად სწრაფ და ხელდახელ თამაშს ითხოვდა, რაც მატჩის ნომინალურმა მასპინძლებმა გარკვეულწილად მოახერხეს კიდეც. დაცვაში ხისტ, საიმედო თამაშთან ერთად, ‘აია’ სწრაფი იერიშებით მეტოქეს ხაზს ხშირად უჭრიდა. აღნიშნული გარემოებით ყველაზე მეტად ვიცე-ჩემიონის ფრთა ლუკა ბრეგვაძემ ისარგებლა, ვინაც „ჰეთ-თრიკის“ შესრულება მოახერხა. „ომის მრისხანე ღმერთის“ მარცხს წერტილი ბოლო წუთებზე მარქაფადან ჩართულმა ფრთის კიდევ ერთმა მოთამაშემ სოლომონ რაზმაძემ დაუსვა.

რუსთავში, ადგილობრივი ‘ხარებისა’ და ‘ხვამლის’ მატჩი ზეპრინციპულ ხასიათს ატარებდა. წინა პირველობაზე ბრინჯაოსთვის მეტოქეთა გადამწყვეტი შეხვედრა სენსაციურად ქვემო ქართლელებმა მოიგეს და მუხიანელები პოდიუმს მიღმა დატოვეს. რატი ურუშაძის შეგირდებმა პირველი წრის მსგავსად, ამჯერზეც მატჩი დამაჯერებლად, პრემიის თანხლებით 34:5 მოიგეს და ცხრილში მეორე პოზიცია შეინარჩუნეს.

ქვემო ქართლელებს რთული დროება უდგათ. გასული წლის გაუქმებულმა სეზონმა ‘ხარებში’ თაობის ზრდის პროცესი შეაფერხა. ‘ხვამლთან’ შეხვედრაში მასპინძლებს მარქაფაში სულ 1 მორაგბე ყავდათ, რაც თემურ ლობჟანიძის გუნდის ფიზიკურ კონდიციაზეც მეორე ნახევარში უარყოფითად აისახა.

მატჩის დებიუტში ‘ხარები’ ბურჯ თემურ ლომსაძის ლელოთი დაწინაურდნენ, რის შემდგომ მუხიანელებს უპირატესობის მოპოვება არ გაჭირვებიათ. ‘ხვამლმა’ დარჩენილ დროში 5 უპასუხო ლელო მიითვალა და მატჩიც პრემიით 34:5 მოიგო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სტუმართა ფულბეკ ნიკა ქობელაშვილის კარგი და შედეგიანი თამაში. ქობელაშვილმა უნარიან თამაშთან ერთად ლელოს გატანა მოახერხა, რასაც ჯარიმა და 3 გარდასახვაც დაურთო. ‘ხარების’ მარცხს წერტილი მუხიანელთა ბურჯ შოთა პირველის ლელომ დაუსვა. სეზონში განცდილმა მერვე მარცხმა ქვემო ქართლელთა პლეი ოფში მოხვედრა შესაძლოა სათუო გახადოს. მართალია ‘ხარები’ მეექვსე პოზიციაზე რჩებიან, თუმცა მეშვიდე ადგილზე ანაცვლებულ ‘ბათუმს’ 3 ქულითღა უსწრებენ.

ტურის გამორჩეული შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. ჩემპიონმა და პირველობის ლიდერმა ‘ლელომ’ დედაქალაქურ დერბიში ამჯერად უშანსოდ ‘ლოკომოტივი’ დატოვა 59:0. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა „მშრალი“ ანგარიშით სეზონში მერვე შეხვედრა მოიგეს, მთლიანობაში უკვე 600-ზე მეტი სამატჩო ქულა დააგროვეს და მეტოქეებს სულ 29 ქულის აღების შესაძლებლობა მისცეს. ‘ლელო’ პირველობას მაქსიმალური შედეგით 50 საცხრილო ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ ‘ხვამლს’ კვლავ 13 ქულით უსწრებს.

შეხვედრა ჩემპიონის სრული უპირატესობით წარიმართა. ‘ლელო’ თამაშის მაღალი ორგანიზაციითა და სათამაშო დისციპლინითაც გამოირჩა. ჩემპიონმა პირველ ნახევარში გატანილ 3 ლელოს, მეორე ტაიმში კიდევ 6 წაუმატა. ჰუქერმა დათო იაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, თუმცა ‘ლელოს’ კვლავ კაპიტანმა პეტრე ხუციშვილმა ულიდერა. ტექნიკურად და ტაქტიკურად გამართულად მობურთავე მგეზავმა უნარიან თამაშთან ერთად პირად აქტივს 7 გარდასახვაც შემატა.

მეათე ტური აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმისა’ და მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრით დასრულდა. მიუხედავად იმისა რომ წყვილში ფავორიტი ქვემო ქართლელები ანგარიშსა და სათამაშო უპირატესობას მატჩის მიწურულამდე ინარჩუნებდნენ, მასპინძლებმა ბოლო 10 წუთში შეხვედრის შემოტრიალება მოახერხეს, პირველი საშინაო, სეზონში კი მეორე გამარჯვება მოიპოვეს, ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწიეს და პლეი ოფში მოხვედრის შანსიც გაიჩინეს. მორიგ ტურში ‘ბათუმს’, უშუალო კონკურენტ ‘ხარებთან’ დაპირისპირება სტუმრად მოუწევს.

‘არმაზი’ პირველ ტაიმში თავისი კაპიტნის და მგეზავ ოთარ მეტრეველის ლელოთი დაწინაურდა. მასპინძლები თავს მედგრად იცავდნენ, დაცვაში ხისტად, მწყობრად მოქმედებდნენ და კონტრშეტევის მცირე შესაძლებლობასაც ხელიდან არ უშვებდნენ. მატჩის დასკვნით ნაწილში, მოგებული დერეფანით სწრაფად ჩათამაშებული კომბინაცია ბათუმელთა ფრთა მირიან ვერულაძემ დააგვირგვინა. ბოლო წუთზე კი ლაშა დუმბაძის შეგირდებმა არმაზის 22-მეტრიან ზონასთან სტუმართა ფულბეკს კარგად დაუფარეს და მასპინძელთა შუამარბმა ზურა წულუკიძემ ხელში ჩაგდებული ოვალი ლელოდ თავადვე აქცია 10:5. ‘არმაზმა’ თავის მხრივ ცხრილის მოწინავე კვარტეტში დაბრუნების კარგი შანსი ვერ გამოიყენა.

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116748