სხვა

18:34 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი, ევროპის ჩემპიონობა და 3 ოქროს მედალი!

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში საქართველოს და კონკრეტულად ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონის ტიტული, სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ამასთან ატაცში ევროპისა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.

ლაშამ ატაცში მსოფლიოსა და ევროპის რეკორდი დაამყარა - ცხადია, მისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. მან საწყისი ორი ცდა უპრობლემოდ გამოიყენა. ჯერ 211, მერე 217 კგ დააფიქსირა და მცირე ოქროს მედალი გაინაღდა. შემდეგ კი ფიცარნაგზე რეკორდისთვის გავიდა და 222 კგ-იც პრობლემების გარეშე დაძლია, რითაც რეკორდი გააუმჯობესა.

აკვრაში ლაშამ 245, 253 და ბოლო მოძრაობაში 263 კგ-იც დააფიქსირა და ცხადია, საქართველოს სამი ოქროს მედალი მოუტანა. ლაშამ ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში 485 კგ-ით ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეხუთედ მოახერხა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა ორჭიდის ჯამში.

ამავე წონაში ირაკლი თურმანიძემ ატაცში ასპარეზობა 191 კგ-ით დაიწყო, მაგრამ ვერ დააფიქსირა და სამწუხაროდ, მომდევნო ორი ცდაც გააცუდა, რის შედეგადაც ამ დისციპლინაში შეფასების გარეშე დარჩა. მას ტრავმა აწუხებდა და აკვრაში ასპარეზობაში არც ჩართულა.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა უკრაინისა და ბულგარეთის შემდეგ, მამაკაცთა შორის კი პირველი ადგილი დაიკავა.

0.123453