ფეხბურთი

16:27 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მერვე ტური "დინამო თბილისის" გამარჯვებით გაიხსნა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტური თბილისში, „დინამოსა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირებით დაიწყო. შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა, გამარჯვება კი მასპინძლებს დარჩათ.

სამი გოლი გავიდა და სამივე პირველ ტაიმში, უფრო კონკრეტულად კი 6-წუთიან ინტერვალში. ანგარიში მეოცე წუთზე გიორგი გაბედავამ გახსნა, მას მერე, რაც ბაქარ ქარდავამ მეტოქის ცუდი პასი ჩაჭრა და თანაგუნდელი მეკარეს პირისპირ შეატოვა და მანაც შანსი გამოიყენა.

2 წუთში ქარდავამ თავად შეძლო თავის გამოჩენა, როდესაც შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა და სხვაობა ორამდე გაიზარდა. გია ცეცაძის გუნდმა ჩამორჩენა მინიმუმამდე 26-ე წუთზე შეამცირა. ირაკლი რუხაძის კარგი პასის შემდეგ ოთარ კობახიძემ დალაშქრა დინამოელთა კარი.

მიუხედავად იმისა, რომ წინ ბევრი დრო იყო, გუნდებმა გოლი ვეღარ გაიტანეს და „დინამომ“ 2:1 მოიგო, რის შედეგადაც 19 ქულა დააგროვა და ისევ ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო „სამტრედია“ 4 ქულით ბოლო, მეათე პოზიციაზეა.

„დინამო თბილისი“ – „სამტრედია“ 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 გაბედავა (20), 2:0 ქარდავა (22), 2:1 კობახიძე (26)

0.11345