ჩოგბურთი

23:19 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კალიარიში მიმდინარე სარდინიის ღია პირველობის მეოთხედფინალში იან-ლენარდ შტრუფი 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში ლასლო დიერეს შეხვდება.

განვლილ შეხვედრაზე უნდა ითქვას, რომ ქართველი ტრადიციულად უკანა ხაზიდან ძლიერად თამაშობდა, ხოლო გერმანელი პრაგმატული მიდგომით ცდილობდა ქულების მოპოვებას და შედეგის მიღწევას. საბოლოოდ, ბასილაშვილმა გულშემატკივრებს ლამაზი და რაც მთავარია დამაჯერებელი თამაში აჩვენა.

პირველი სეტი ჩოგბურთელებმა საკუთარ ჩაწოდებებზე არადამაჯერებლად დაიწყეს და ბასილაშვილი ერთხელ, ხოლო შტრუფი ორჯერ დაბრეიკდა. მეათე გეიმზე, ბასილაშვილს საკუთარ ჩაწოდებაზე სამჯერ ჰქონდა სეტპოინტი, თუმცა საბოლოოდ გერმანელმა მაინც შეძლო ბრეიკის განხორციელება და ანგარიში 5-5 გახდა. მიუხედავად ამისა, გერმანელმა ვერ შეძლო უპირატესობის მოპოვება, საკუთარი ჩაწოდებაზე გეიმი წააგო და ნიკოლოზს ამის შემდეგ აღარ გაჭირვებია მე-12 გეიმში გამარჯვება.

მეორე სეტზე შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოზმა მეტოქეს შეცდომების წყალობით ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. ბასილაშვილი საკუთარ ჩაწოდებებზე დამაჯერებელი იყო და მეათე გეიმამდე მეტოქე ბრეიკამდეც არ მიუშვა, ხოლო შტრუფს ჩაწოდებაზე ძალიან უჭირდა და საერთოდაც, ქართველის დარტყმებს უკანა ხაზიდან ფაქტობრივად ვერ უმკლავდებოდა. მეათე გეიმში შტრუფი მეტოქის ჩაწოდებაზე სეტპოინტზე გავიდა და ნიკოლოზს უნებლიე შეცდომა სეტის წაგების ფასად დაუჯდა.

გადამწყვეტი სეტი ბასილაშვილმა დამაჯერებლად დაიწყო, ორი ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა, თუმცა შტრუფმა ერთი ბრეიკით შეძლო ანგარიშის შემცირება - 2:3. მეათე გეიმში ბასილაშვილმა ანგარიშზე 5:3 მეტოქე დააბრეიკა და მატჩის გამარჯვებული გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ შტრუფს მეტოქეზე ცხრით მეტი (12) ეისი ჰქონდა შესრულებული, ხოლო ბასილაშვილმა სამით მეტი (6) ორმაგი შეცდომა დაუშვა, ამან ქართველს გამარჯვებაში ხელი ვერ შეუშალა. ნიკოლოზმა 231 ქულიდან 121 მოიგო და 15-დან ექვსჯერ შეძლო მეტოქის დაბრეიკება.

ნახევარფინალში ბასილაშვილი დიერეს შეხვდება. სერბ ჩოგბურთელთან ქართველმა სამი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი კიცბუელსა და ბუდაპეშტში წააგო, ხოლო ბოლო მატჩი 2019 წელს რომის მასტერსზე მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121551