ფეხბურთი

23:29 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport-ი ხვიჩაზე: "მისთვის მეტოქის მოტყუება ძალიან მარტივი პრაქტიკაა"
იტალიური გამოცემა 20 წლის ქართველ ფეხბურთელზე

ყაზანის „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Gazzetta Dello Sport-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „მილანის“ ინტერესის შესახებ არის საუბარი.

წერილის ერთადერთი მიზანი იტალიური საფეხბურთო სამყაროსთვის უცნობი კვარაცხელიას გაცნობაა და ამიტომაც, ისეთ დეტალებზეა საუბარი, რაც ქართველი ქომაგისთვის ცნობილია, მაგრამ თავისთავად აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსგავსი გამოცემის გვერდებზე 20 წლის ქართველი შემტევი მოხვდა. სტატიის სათაურია "ვინ არის ქართველი, რომელიც "მილანს" მოსწონს" და მას უცვლელად გთავაზობთ:

„კომენტატორებისთვის სახელმძღვანელოა: Kvaratskhelia ასე გამოითქმის: „კვარაცხელია“ (Cuarascelia) T არ იკითხება და არ გამოითქმის, დანარჩენი უკვე ადგილია. ხვიჩა „რუბინში“ თამაშობს, საქართველოს ნაკრების მაისურით ესპანეთს გოლ გაუტანა და ნახევარი ევროპა აკვირდება. „მილანიც“ მას უმიზნეს, რომელიც ნიჭიერ ფეხბურთელებზე ყოველთვის ნადირობს. 20 ქართველი მალდინი-მასარას დუეტის ბლოკნოტშია და ამ დღეებში აგენტის იტალიაში ჩასვლა მოსალოდნელია. ესპანეთის ნაკრებთან გატანილმა გოლმა და რუსეთში ბრწყინვალე სეზონმა დიდი გუნდები დაარწმუნა, მასზე ყურადღება მიექციათ. ციფრები ხომ მის მხარესაა: 4 გოლი და 8 საგოლე პასი ყაზანის „რუბინში“, 3 გოლი საქართველოს ნაკრებში 8 მატჩში. მან თავისი თავი ესპანეთს მარტომ წარუდგინა.

ვინ არის - კვარაცხელია შემტევი გარემარბია, 4-3-3 ან 4-2-3-1 სქემაში, მემარჯვენეა და მარცხნივ თამაშობს, მაგრამ ორივე ფლანგზე შეუძლია მარტივად თამაში. მისი მთავარი ნიშა დრიბლინგია და მისთვის მოწინააღმდეგის მოტყუება ჩვეული პრაქტიკაა, ძალიან ადვილი საქმე. იმის გასაგებად თუ როგორი დრიბლინგები აქვს, საკმარისია ინსტაგრამის მის პირად გვერდს ესტუმროთ, სადაც 2017 წლის 9 სექტემბერს ატვირთული აქვს გოლი რუსეთის ნაკრების კარში. 20 დღის შემდეგ 16 წლისა და 7 თვისამ საქართველოს ჩემპიონატში პირველად ითამაშა, ხოლო გასულ წელს საქართველოს ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა. მას წინ დიდი წარმატება ელოდება. ამომავალი ვარსკვლავის მამა ბადრი ფეხბურთელი იყო და საქართველოსა და აზერბაიჯანში თამაშობდა (ნაკრებშიც ითამაშა). კარიერა 2005 წელს დაასრულა და მწვრთნელი გახდა, თუმცა მისი შვილი არასდროს გაუწვრთნია. ის შვილის კარიერას თვალს შორიდან ადევნებს და მის გადაწყვეტილებებში არ ერევა.

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი აღშფოთებული იყო, როდესაც ის გუნდიდან გაუშვეს და ამის საფუძველზე კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტიც მოუვიდა: „დიდი ტალანტია, მეგონა, რომ ჩვენთან კონტრაქტს გააფორმებდა, როდესაც წავიდა, თითქმის ვიტირე“.

„რუბინი“ უფრო სწრაფი აღმოჩნდა და როგორც ჩანს, 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. შარშან „გალათასარაი“ 15 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ უარით გაისტუმრეს. კვარაცხელია „დინამო თბილისის“ აღზრდილია, როგორც კახა კალაძე, „მილანის“ ყოფილი მცველ და ახლა უკვე თბილისის მერი. ხვიჩა შეიძლება იყოს მორე ქართველი, რომელიც „როსონერიში“ ითამაშებს, ხოლო მეოთხე სერია A-ს კლუბში ლევან მჭედლიძისა („ემპოლი“, „პალერმო“) და გიორგი ჭანტურიას („ვერონა“) შემდეგ, რომელსაც „ახალ მესის“ უწოდებდნენ, მაგრამ ვერ მოახერხა ავანსების გამართლება. იტალიაშიც სხვებიც იყვნენ: ირაკლი შეყილაძე („ემპოლი“, „ტუტოკუოიო“) და გიორგი ნემსაძე („რეჯანა“).

მოსკოვის „ლოკომოტივში“ რამდენიმე მატჩის შემდეგ მან „რუბინი“ აირჩია, რომელსაც რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ავარჯიშებს. შარშან ის რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს და ასევე საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. საწყისი ნიშნები უკვე არსებობს“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ევროპული მედია "მილანის" გარდა, ტურინის "იუვენტუსს", მიუნხენის "ბაიერნსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" უკავშირებენ.

0.112397