ფეხბურთი

0:58 | 4.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სკუდეტო "ინტერის" ხელშია, "იუვენტუსი" უფსკრულს უახლოვდება

იტალიის სერია A-ს დასრულებამდ 9 ტურია დარჩენილი, რაც ბევრია, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ იტალიას ახალი ჩემპიონი ეყოლება 9 წლის შემდეგ და ეს „ინტერი“ იქნება, რომელიც სკუდეტოს 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგებს.

ანტონიო კონტეს გუნდი „მილანს“ უკვე 8 ქულით უსწრებს და თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. ესეც რომ არ იყოს, „ნერაძური“ სხვებთან შედარებით იმდენად დამაჯერებელია, კითხვები უბრალოდ არ არსებობს. მილანურმა გრანდმა მორიგი ფასეული 3 ქულა სტუმრად „ბოლონიასთან“ მოიპოვა და გამარჯვების გოლი რომელუ ლუკაკუმ პირველივე ტაიმში გაიტანა. „ინტერი“ ჩემპიონი რომ ვერ გახდეს, ეს სასწაული იქნება, მაგრამ ეს სეზონი ნამდვილად არ ჰგავს ისეთს, სასწაული რომ მოხდეს. სხვათა შორის, შავ-ლურჯებმა სერია A-ში ზედიზედ მე-9 თამაში მოიგეს და მსგავსი მაგარი სერია 2007 წლის შემდეგ პირველად აქვთ.

„მილანი“ სტუმრად დიდებულია, მაგრამ საკუთარ მოედანზე უკვე ორი თვეა არ მოუგია. ამჯერადაც, „როსონერი“ გენუის „სამპდორიასთან“ ისე აგებდა, რომ საშველი არსაიდან ჩანდა. 57-ე წუთზე გენუელები ფაბიო კუალიარელამ ეფექტური გოლით დააწინაურა და კლაუდიო რანიერის გუნდი ლოგიკურად გავიდა წინ, რადგან მანამდეც ბევრი მომენტი ჰქონდა. აი, გოლიდან ორ წუთში ლიგურიელები მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ. „მილანმა“ რიცხობრივი უპირატესობა მხოლოდ ბოლოს გამოიყენა, როდესაც ჰანს-პეტერ ჰაუგემ ანგარიში გაათანაბრა. ეს 87-ე წუთზე მოხდა და სხვათა შორის, ამის შემდეგ სტეფანო პიოლის გუნდს მოგებაც შეეძლო, მაგრამ ფრანკ კესიმ ბურთი ძელს გაარტყა და თამაშიც დასრულდა. „მილანს“ ჩემპიონობაზე მეტად ახლა ფიქრი ოთხეულში დასარჩენად მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მეორე ადგილზეა. უკვე იქევა ბერგამოს „ატალანტა“, რომელიც მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

მეოთხე-მეხუთ ადგილებს „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ იყოფენ. ნეაპოლელები შინ პრაქტიკულად გავარდნილ „კროტონეს“ ორჯერ უგებდნენ ორბურთიანი სხვაობით, მაგრამ მერე ანგარიში 3:3 გახდა. ბოლოს, ჯოვანი დი ლორენცომ ჯენარო გატუზოს გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. „იუვენტუსში“ კი არავინ იცის რა უნდა მოხდეს, ანდრეა პირლოს კარისკენ რომ მიუთითონ. ტურინული გრანდი უფსკრულის წინაშეა - ჩემპიონობის შანსი ხომ აღარ აქვს და ახლა ჩემპიონთა ლიგის ზონაც საეჭვოა. „ბებერმა ქალბატონმა“ „დერბი დელა მოლეში“ „ტორინოსთან“ დაკარგა მორიგი ქულები, იმის მიუხედავად, რომ ფედერიკო კიეზას სწრაფი გოლით იგებდა. მერე ანტონიო სანაბრიამ დუბლი შეასრულა, რომელმაც დიან კულუშევსკისა და ვოიცეხ შჩესნის კოშმარული თამაში გამოიყენა. მატჩის მიწურულს კრიშტიანუ რონალდუმ გაათანაბრა და ფრე 2:2.

„იუვენტუსს“ „ნაპოლის“ დარად 56 ქულა აქვს და სხვებთან შედარებით თამაშით ნაკლები, თუმცა ეს გუნდები ერთმანეთში ჩაატარებენ ამ გამოტოვებულ მატჩს - 7 აპრილს. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია პირლოს ბედი სწორედ ამ დაპირისპირებაში გადაწყდეს. „იუვე“ უფსკრულის ზღვარზეა და გადაჩეხვა ნეაპოლელებთან მარცხი იქნება.

სერია A-ში კიდევ 9 ტურია და ნათელია, რომ „ინტერი“ სკუდეტოს მოიგებს, ოთხეულში გამსვლელ დანარჩენ სამ ადგილს კი დიდი ალბათობით „მილანი“, „ატალანტა“, „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ გაითამაშებენ.

„მილანი“ – „სამპდორია“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 კუალიარელა (57), 1:1 ჰაუგე (87)

„ატალანტა“ – „უდინეზე“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 მურიელი (19), 2:0 მურიელი (43), 2:1 პერეირა (45), 3:1 ძაპატა (61), 3:2 ლარსენი (71)

„ბენევენტო“ – „პარმა“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 გლიკი (23), 1:1 კურტიჩი (55), 2:1 იონიცა (67), 2:2 მანი (88)

„კალიარი“ – „ვერონა“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ბარაკი (54), 0:2 ლასანია (90)

„ჯენოა“ – „ფიორენტინა“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 დესტრო (13), 1:1 ვლაჰოვიჩი (23)

„ლაციო“ – „სპეცია“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ლაძარი (56), 1:1 ვერდე (73), 2:1 კაისედო (88, პენ)

„ნაპოლი“ – „კროტონე“ 4:3 (3:1)

გოლები: 1:0 ინსინიე (19), 2:0 ოსიმენი (22), 2:1 სიმი (25), 3:1 მერტენსი (34), 3:2 სიმი (48), 3:3 მესიასი (59), 4:3 დი ლორენცო (72)

„სასუოლო“ – „რომა“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 პელეგრინი (26, პენ), 1:1 ტრაორე (57), 1:2 ბრუნო პერესი (69), 2:2 რასპადორი (85)

„ტორინო“ – „იუვენტუსი“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 კიეზა (13), 1:1 სანაბრია (27), 2:1 სანაბრია (46), 2:2 რონალდუ (79)

„ბოლონია“ – „ინტერი“ 0:1 (0:1)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (31)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.170216