ფეხბურთი

1:52 | 1.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნების მწვრთნელი: "ვეთამაშეთ კარგ გუნდს, რომელმაც წინა მატჩებშიც კარგი ფეხბურთი ითამაშა"

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’ სხიპმა საქართველოსთან (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ისე ვერ ითამაშა, როგორც სურდათ და იმედგაცრუებულია.

„გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ კარგი გუნდი იყო, რომელმაც წინა ორივე მატჩშიც კარგი ფეხბურთი ითამაშა. გაშვებული გოლის დროს სათანადოდ არ ვიმუშავეთ, სივრცე შეიქმნა, რომელიც ვერავინ შეავსო და ქართველმა ფეხბურთელმა შექმნილი ვითარებით იდეალურად ისარგებლა.

ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა. პირველ ტაიმში გარკვეული შანსები გვქონდა, მაგრამ საერთო ჯამში გაგვიჭირდა. ვიცოდით, რომ საქართველო შეტევაში კარგი გუნდი იყო და მალე გაათანაბრა. მთლიანობაში ბედნიერები არ ვართ. ვერ ვიპოვეთ გამოსავალი, რომ სასურველ დონემდე მიგვეღწია. იმედგაცრუებულები ვართ, არა მხოლოდ შედეგით, არამედ თამაშით. საბოლოოდ, ქულა დავიმსახურეთ, მაგრამ ეს ის არ არის, რისი მიღწევაც გვსურდა.

ესპანეთთან ქულა გამარჯვებას ჰგავდა, მაგრამ დღევანდელი ქულა მარცხივით იყო. სექტემბრის მატჩებში უკეთ უნდა გამოვიდეთ, ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან და გუნდში კონკურენცი გაიზრდება. ჯგუფიდან გასვლის ბოლომდე უნდა გვჯეროდეს“, - განაცხადა ვან ‘ტ სხიპმა.

შეგახსენებთ, B ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში, კოსოვოს უმასპინძლა და დანი ოლმოს, ფერან ტორესისა და ხერარდ მორენოს გოლებით 3:1 იმარჯვა. „ფურია როხა“ 7 ქულით ლიდერია და ქულით უსწრებს შვედეთს, თუმცა, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. საბერძნეთმა 2 ქულა დააგროვა, საქართველომ ერთი და კოსოვო უქულოდ ბოლო ადგილზეა. ამ ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, თბილისში კოსოვოს დაუპირისპირდება. თუმცა, მანამდე ივნისში ორ სპარინგს ჩაატარებს: 2 ივნისს სტუმრად რუმინეთთან, ხოლო მეორე მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.

0.114304