ფეხბურთი

17:07 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბული: "საქართველო საბერძნეთში მოსაგებად ჩამოვიდა"

ბერძნული „ლამიას“ ქართველმა ფეხბურთელმა ბაჩანა არაბულმა ადგილობრივ გამოცემა gazzeta.gr-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად საბერძნეთისა და საქართველოს დღევანდელ მატჩზე საუბარს დაეთმო.

არაბული ფიქრობს, რომ საქართველო საბერძნეთში ფრისთვის არ იმყოფება და მოსაგებად ითამაშებს. საქართველოს ნაკრებიდან მან ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო საბერძნეთის ნაკრებიდან ორი ფეხბურთელი გამოარჩია.

„ვეთანხმები სანიოლს, რომ საქართველო საბერძნეთში არა მხოლოდ ქულისთვის, არამედ გამარჯვებისთვის ჩამოვიდა. არ ვიცი პირველივე წუთებიდან შეუტევენ თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბერძნეთში გამარჯვებისთვის იმყოფებიან. არანაირი ზეწოლა არ არის, ახალი მწვრთნელი გვყავს. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა შვედეთთან და ესპანეთთან და ეს ყველამ დაინახა. დადებითი ენერგია არსებობს.

ესპანეთთან საოცარი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. ანგარიში გავხსენით და გოლის გატანის სხვა შანსებიც გვქონდა. თუმცა, ბოლოს დიდი იმედგაცრუება იყო, მიუხედავად ამისა, ვიმეორებ, ზეწოლა არ არსებობს. არ მგონია, რომ ფედერაციაში მწვრთნელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას სთხოვდნენ. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ სამეულში მოვხვდეთ. ვისურვებდი, რომ მუნდიალზე საქართველო და საბერძნეთი გავიდნენ, მაგრამ თუ საქართველო ვერ მიაღწევს წარმატებას, მაშინ მთელი გულით საბერძნეთს ვუქომაგებ.

ქინქლაძე, არველაძე, თეთრაძემ კალაძე - ჩვენი ქვეყნისთვის ხელშეუხებელი საფეხბურთო მონსტრები არიან, მაგრამ ისინი წარსულს ეკუთვნიან. ახლა მოდის ახალი თაობა, ნიჭიერი ფეხბურთელები. კვარაცხელია ყველაზე ნიჭიერია. დარწმუნებული ვარ, თუ მას ტრავმები არ ექნება, რამდენიმე წელიწადში ევროპულ გრანდში ითამაშებს. ის გახდება ვარსკვლავი. საბერძნეთისთვის ყველაზე საშიში მოთამაშეა. კიტეიშვილი და სხვებიც არიან, მაგრამ კვარაცხელია გამორჩეულია.

მე ვიყავი სანიოლის წინასწარ სიაში, „ლამიაში“ წერილიც მოვიდა, მაგრამ შემდეგ ტრავმა მივიღე. ძალიან მეწყინა, რადგან ძალიან მინდოდა თამაში, განსაკუთრებით საბერძნეთის წინააღმდეგ.

საბერძნეთის ნაკრებს ნახევარდაცვაში შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. მომწონს ცოლისი და იაკუმაკისი, მანტალოსი, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე სახიფათო დუეტი მასურასი და ფორტუნისია. თუ არჩევანი უნდა გავაკეთო, ფორტუნისი ჩემი რჩეულია. ეს ორი ფეხბურთელი ძალიან მომწონს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი? ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ჩემი კერპი იყო, როდესაც კარიერას ვიწყებდი. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ეს არ იცვლება, მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია“, - თქვა არაბულმა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა არაბული საბერძნეთში 2019 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში „პანიონიოსში“ იყო, ხოლო წელს „ლამიას“ წევრია და 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში მას 7 თამაში აქვს ჩატარებული.

0.110938