ფეხბურთი

21:51 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "რთული თამაში გველოდება, მაგრამ ასე იქნება საბერძნეთისთვისაც"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ბერძნული მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. 44 წლის სპეციალისტის განცხადებით, ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება და მან ნაკრების თამაშში წინა ორ შეხვედრაში ბევრი პოზიტიური ნიშანი დაინახა.

"ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა ქულების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და იგივე დისციპლინით ვითამაშოთ, როგორც ეს გასულ მატჩებში გავაკეთეთ. ჩვენს თამაშში მე ძალიან ბევრი პოზიტიური ნიშანი დავინახე. ​ფიფას რეგულაციებიდან გამომდინარე საკვალიფიკაციო ეტაპი სამი მატჩით დავიწყეთ, საიდანაც ორი შეხვედრის გამართვა სტუმრად გვიწევს.

ხვალინდელ მატჩში საბერძნეთს დავუპირისპირდებით, რომელმაც ესპანეთთან პირველ ტურში გამართული შეხვედრით თავდაჯერება მოიპოვა. მსურს, მათ ეს შედეგი მივულოცო, რადგან ესპანეთის წინააღმდეგ ქულის აღება ადვილი არ არის. საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ასეთივე რთული მატჩი ექნება ჩვენს მეტოქეს", - აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, საქართველო და საბერძნეთი ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედრიან და 6-ჯერ ბერძნებმა მოიგეს, ერთხელ ფრე დაფიქსირდა. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. საქართველოს 2 თამაშში 0 ქულა აქვს, საბერძნეთს 1 შეხვედრაში - 1 ქულა.

0.160855