ფეხბურთი

21:32 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გუგა ფალავანდიშვილი: "საბერძნეთისთვის საქართველო ადვილი მეტოქე არ იქნება"

საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის წინ ბერძნულმა გამოცემა SDNA-მ „ლამიას“ ქართველ ნახევარმცველ გუგა ფალავანდიშვილს ინტერვიუ ჩამოართვა. 27 წლის ნახევარმცველმა ხვალინდელი დაპირისპირების შესახებ ბერძნებს თავისი მოსაზრება გაუზიარა.

„საბერძნეთი ფავორიტია, მაგრამ შვედეთთან და ესპანეთთან ძალიან კარგი ორი მატჩის შემდეგ ვფიქრობ, რომ საქართველო იოლი მეტოქე არ იქნება და „ტუმბას“ სტადიონზე გამარჯვებისთვის მოტივირებული გავა. ორივე გუნდისთვის რთული და საინტერესო თამაში იქნება.

საქართველოს სათამაშო სტილი უფრო მეტად მეტოქეებზეა დამოკიდებული. როგორც წესი, დიდი გუნდების წინააღმდეგ ტაქტიკა კონტრშეტევებზეა აგებული, როგორც ეს შვედეთთან და ესპანეთთან იყო. ამასთანავე, სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივე ტაქტიკას საქართველო საბერძნეთთან მატჩშიც გამოიყენებს. ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, მაგრამ ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.

ჩემი მთავარი მიზანი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაა. დარწმუნებული ვარ, რომ „ლამიაში“ თავის გამოჩენის საშუალებით შეიძლება მომავალში ისევ ნაკრებში ვიყო. ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო და კვლავ ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში. „ლამიაში“ ისეთი დიდი გუნდების წინააღმდეგ მიწევს თამაში, როგორებიც პაოკ-ი და „ოლიმპიაკოსია“. საბერძნეთის ჩემპიონატის დონე საკაოდ მაღალია და საბერძნეთში თავს კარგად ვგრძნობ“, - თქვა ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, გუგა ფალავანდიშვილს საქართველოს ნაკრებში ერთადერთი თამაში აქვს ჩატარებული, 2015 წელს გიბრალტარის ნაკრებთან მან 33 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116727