ფეხბურთი

14:49 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნების მწვრთნელი: "საქართველო ძალიან კარგი გუნდია და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ"

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ‘ტ სხიპმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის მსამე ტურში საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ საქართველო ძალიან კარგი გუნდია, რომელმაც განვლილ ორ მატჩში უფრო მეტი დაიმსახურა, ვიდრე წაგება.

ვან ‘ტ სხიპი ფიქრობს, რომ საქართველო ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და მისი გუნდი ყურადღებით უნდა იყოს, განსაკუთრებით ბურთის დაკარგვის შემთხვევებში.

„გუნდი კარგადაა, ძალიან კარგ დონეზე. გვქონდა მცირე პრობლემები რამდენიმე ფეხბურთელის შემთხვევაში, მაგრამ ისინი ყველანი ხელმისაწვდომები არიან. ეს ჩვენთვის კარგი ამბავია. ორიენტირებული უნდა ვიყოთ ჩვენს გეგმაზე. საქართელო ძალიან კარგი გუნდია, მათ ძალიან კარგი თამაშები ჰქონდათ ესპანეთთან და შვედეთთან და ალბათ, უფრო მეტსაც იმსხურებდნენ. ვიცით, რომ ადვილი არ იქნება. ადვილი თამაშები არ არსებობს, კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. გვინდა გამარჯვება და გეგმაზე ვიქნებით ორიენტირებული, ასე უფრო მეტი შანსი გვექნება მოსაგებად.

მათ მწვრთნელი შეიცვალეს, ვილი სანიოლი ჰყავთ, რომელიც ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორიც საფრანგეთის ნაკრები და მიუნხენის „ბაიერნია“. ცდილობს გუნდში თავისი იდეები დანერგვას და განსხვავება აშკარაა. ისინი კომპაქტურ და გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ, ძალიან სწრაფად გადადიან შეტევაში, როდესაც ბურთი აქვთ, სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ და ამიტომ, როდესაც ბურთს დავკარგავთ, სწორ პოზიციებზე უნდა ვიყოთ სივრცეების შესამცირებლად. ეს არის გუნდი, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ჩვენ ძალიან კონცენტრირებულები და ფრთხილად უნდა ვიყოთ. საინტერესო თამაში იქნება.

შემადგენლობაში ცვლილებები? ვნახოთ. როგორც ვთქვი, მცირე ტრავმები იყო, ჰონდურასთან ამხანაგური მატჩიც გვქონდა, სხვა ფეხბურთელები გამოვცადეთ. მინდა ვნახო რა მდგომარეობაში არიან ფეხბურთელები, შეიძლება იყოს ცვლილებები ან არ იყოს, გადაწყვეტილებას მატჩის დაწყებამდე მივიღებ. ტასოს ბაკასეტასი ლიდერის თვისებებით გამოირჩევა, ისევე როგორც რამდენიმე მოთამაშე, ის კარგი მაგალითია, თავისი თამაშით და საქციელით გუნდს ხელმძღვანელობს. ის ეხმარება თანაგუნდელებს მოედანზე და მის გარეთ, ის არის ლიდერი, მაგრამ ერთადერთი არ არის“, - თქვა ვან ‘ტ სხიპმა.

შეგახსენებთ, საქართველო და საბერძნეთი ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედრიან და 6-ჯერ ბერძნებმა მოიგეს, ერთხელ ფრე დაფიქსირდა. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. საქართველოს 2 თამაშში 0 ქულა აქვს, საბერძნეთს 1 შეხვედრაში - 1 ქულა.

0.117091