ფეხბურთი

15:35 | 27.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "საქართველოს თამაში მომეწონა და საბერძნეთთან წარმატების მიღწევა შეუძლია"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ბერძნულ გამოცემა sdna-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთლიანად საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებთა მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მას მოეწონა შვედეთში ვილი სანიოლის გუნდის თამაში და ბერძნები თუ მეტოქეს სათანადოდ არ დააფასებენ, დაისჯებიან.

„საქართველო ძლიერი გუნდია, ახალი მწვრთნელით და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით. ვნახეთ, რომ შვედეთის ნაკრებს მის წინააღმდეგ გაუჭირდა და პირადად მე მომეწონა ის თამაში, რომელიც საქართველომ აჩვენა. ჰქონდა საგოლე მომენტები და ქართველებს თავდასხმაში უფრო მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, ქულას ნამდვილად მოიპოვებდნენ. არ ვიტყოდი, რომ საქართველო შეტევაში არასრულფასოვანია. დაცვაში კარგად ითამაშეს, ორგანიზებულად და შეტევაში ეძებდნენ სახიფათო მომენტის შექმნის შესაძლებლობებს.

რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელს არ გამოვყოფდი. როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც თავის გამოჩენა სურთ და განვითარების კარგი პერსპექტივა აქვთ. საბერძნეთის ნაკრებმა მეტოქე სერიოზულად უნდა აღიქვას, თორემ მეტოქის დაუფასებლობა შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

რაც შეეხება საბერძნეთს, ვნახეთ, რომ ესპანეთში ერთი გოლი პენალტით გაიტანა და ქულა მოიპოვა. შვედეთში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში საბერძნეთის კონკურენტი საქართველო იყოს“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას საქართველოს ნაკრებში 52 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2010-2014 წლებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა. ის ბერძნულ ფეხბურთსაც კარგად იცნობს, რადგან ჯერ ათენის აეკ-ში წლების განმავლობაში თამაშობდა, ხოლო მოგვიანებით ამავე გუნდისა და პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118541