რაგბი

20:10 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ამაშუკელი | პირველად ევროთასის ფლეი ოფში

საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი სულ უფრო წინ მიიწევს. 2 აპრილს ის საკუთარ მაჩვენებელს გააუმჯობესებს და გახდება პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ევროთასების ფლეი ოფში იმსაჯებს.

ამაშუკელი უკვე მესამე წელია ევროთასების შეხვედრებს მსაჯობს. აქამდე მას ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის თამაშებზე ნიშნავდნენ, ჩემპიონთა თასზე დებიუტში კი ხელი კორონავირუსმა შეუშალა. თუმცა მისი პროგრესი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ევროპის 16 საუკეთესო მსაჯს შორის მოხვდა და ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში ‘ლონდონ აირიშისა’ და ‘კარდიფ ბლუზის’ შეხვედრის განსჯა ანდეს.

აღსანიშნავია, რომ 16 მსაჯს შორის ვერ მოხვდა ვერცერთი იტალიელი რეფერი, მხოლოდ თითო-თითო წარმომადგენელი ყავს ისეთ სარაგბო ქვეყნებს, როგორებიც შოტლანდია და უელსი არიან, ორი ირლანდიელია, დანარჩენ 11 ადგილს კი ინგლისელი და ფრანგი მსაჯები ინაწილებენ.

„ასეთ ვიწრო ჯგუფში ყოფნა და ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში მსაჯობა, მართლაც რომ ღირშესანიშნავი ამბავია. გადავხედე სხვა მერვედფინალური წყვილის მსაჯებს და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მათ გვერდით ყოფნა. ინგლისურ-უელსური დაპირისპირება საკმაოდ რთული სამსაჯო იქნება, თუმცა რაც უფრო მაღალ დონეზე ადიხარ, მით უფრო მატულობს ინტენსივობა და წნეხი. ვემზადები როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, რათა ამ კუთხითაც ვასახელო ჩვენი ქვეყანა და განვამტკიცო ის ნდობა, რაც ქართველი მსაჯების მიმართ დამსახურებულად გაჩნდა“ – ამბობს ამაშუკელი, რომელსაც კოვიდ-რეგულაციების გამო, სამწუხაროდ, კიდეებიდან ქართველი მსაჯები ვერ დაეხმარებიან.

კარგი შეფასება ბუქარესტიდან

გასულ კვირას, ნიკა ამაშუკელმა ქართულ ბრიგადასთან ერთად წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი იმსაჯა რუმინეთსა და ესპანეთს შორის. ეს გუნდები 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის იბრძოდნენ, თუმცა საბოლოოდ დიდ სკანდალში გაეხვნენ და ორივე დაისაჯნენ. მას შემდეგ მათ ურთიერთშეხვედრებს სხვა სიმწვავე დაემატა:

„მანამდეც ვვარაუდობდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. დაძაბულობიდან გამომდინარე, ხარისხი და სანახაობა არ გამოვიდა. სიტუაცია განსაკუთრებით მეორე ტაიმში დაიძაბა და წითელი ბარათის გამოყენებაც მომიწია, ასევე იყო სამი ყვითელი ბარათი. კარგი არაა, როდესაც მსაჯი ასე უხეშად ერევა თამაშში, მაგრამ მთავარი დისციპლინაა და ბარათებიც აუცილებლად მისაცემი იყო. გუნდებს ეტყობოდათ წარსულის ბზარი. რუმინეთმა მეტად აკონტროლა თავი და ამის ხარჯზე გაიმარჯვა. ჩვენმა სამსაჯო ბრიგადამ უკვე მიიღო ძალიან კარგი შეფასება. სიტუაციის ანალიზი და გადაწყვეტილებები ზუსტი იყო“ – ამბობს ამაშუკელი, რომლის ფრაზამ მატჩის კომენტატორები და თავად მოთამაშეები ერთ-ერთ ეპიზოდში გაახალისა:

„პირველ ტაიმში დაძაბულობა ნაკლები იყო და მოთამაშეებთანაც უშუალო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ესპანელმა მორაგბემ მითხრა – ხომ არ ჯობდა ასე მოქცეულიყავითო, რაზეც მე მას შევთავაზე, მსაჯობა ხომ არ უნდოდა. ეს იყო მეგობრული ჟესტი, ხუმრობა, რომელზეც ორივემ გავიცინეთ და კომენტატორებმაც იხალისეს“.

თამაში რუმინეთმა 22:16 მოიგო. ამაშუკელს კიდეებიდან გიგა მშვენიერაძე და პაპუნა ჭიქაბერიძე ეხმარებოდნენ, რომლებისთვისაც ეს იყო სადებიუტო მატჩი საერთაშორისო არენაზე. ასევე, საერთაშორისო არენაზე პირველად წარსდგა ვიდეო-რეფერის რანგში სულხან ჩიხლაძე:

„ასეთ თამაშზე დებიუტი, უკვე დიდი გამოცდილებაა. საერთაშორისო მატჩებში წნეხი და ინტენსივობა მაღალია, თუმცა მათ აკონტროლეს ემოციები, ზუსტად შეასრულეს დავალებები და მაღალი შეფასებები დაიმსახურეს. მათი დახმარების გარეშე არც ჩემი შეფასება იქნებოდა ასეთი კარგი. სულხან ჩიხლაძემ ზუსტად დააფიქსირა მუხლის ჩარტყმის მომენტი, რასაც ანალიზი და წითელი ბარათი მოყვა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მომენტები არ გამოგრჩეს, რათა თამაშის სადავეები ხელიდან არ გაგექცეს და სულხანმა ამოცანას თავი კარგად გაართვა“.

კვირის ბოლოს, 28 მარტს საქართველოს სწორედ რუმინეთი ეწვევა და ბორჯღალოსნებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩს გამართავენ. ამაშუკელი მომავალი მეტოქის თამაშს ასე აფასებს:

„ვერ ვიტყვი, რომ რუმინეთმა წინა წლებთან შედარებით მოუმატა და საუკეთესო ფორმაშია. მატჩის მიწურულს 3-კაცნაკლულ მეტოქესთან ქულების აღება გაუჭირდა და თავად მოექცა წნეხში. ჩემის აზრით, ის საფრთხეს ვერ შეგვიქმნის, თუმცა რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე ყავს. მაგალითად, ფულბეკი და მორკინალები, რომლებიც ფიზიკურობით გამოირჩევიან“.

RUGBY.GE

0.118453