ფეხბურთი

17:28 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"როტორი" კვირკველიას გამოსყიდვას აპირებს, ქართველი ახალი მწვრთნელით კმაყოფილია

ვოლგოგრადის „როტორი“ სოლომონ კვირველიასთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ Sport24 წერს. წყაროს ცნობით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

კვირკველია „როტორში“ იჯარით გასულ ზაფხულს გადავიდა და კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მან მიმდინარე სეზონში ვოლგოგრადელთა ღირსება 12 მატჩში დაიცვა, ბოლო დროს აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ხაცკევიჩი არ ათამაშებდა, მაგრამ ის იური ბატურენკომ სამი დღის შეცვალა, რომელიც ქართველ მცველს მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ კარგად იცნობს და ადრე ისიც აქვს ნათქვამი, რომ სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედიოდა, ვინც ოდესმე გაუწვრთნია. შესაბამისად, ახლა ძირითადში ადგილის დაბრუნება არ გაუჭირდება.

კვირკველიამ ახალ მთავარ მწვრთნელზე რუსულ მედიასთან კომენტარიც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ბატურენკოს სამწვრთნელო შტაბში იური სიომინის შვილიც იმუშავებს.

„ბატურენკოს 3.5 წლის წინ შევხვდი, როდესაც „ლოკომოტივში“ გადავედი. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც სპეციალისტს, როგორც მწვრთნელს, გუნდთან ერთად ბევრი ტიტული მოიგო. მოხარული ვარ, რომ ახლა „როტორში“ მოვიდა, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. გუნდში ყველა ბედნიერია, იციან როგორი და შესანიშნავი სპეციალისტი რომ არის. კარგი და მხიარული ადამიანია, ამიტომაც, თბილად მივიღეთ. პირველი ვარჯიში უკვე გვქონდა და ყველაფერი კარგადაა. „ლოკომოტივთან“ მატჩამდე10 დღეა და ამ ხნის განმავლობაში მისი ხედვების გასაცნობად დრო საკმარისია.

მისი მოსვლა მომავალში იური სიომინის მოსვლას უკავშირდება? ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან არაფერი ვიცი. ანდრეი სიომინი მამას ძალიან ჰგავს. ის ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. ძალიან მიხარია, რომ ბატურენკოსთან ერთად მოვიდა. ახლა მე ორჯერ მეტი სტიმული და პასუხისმგებლობა მაქვს. მიხარია, რომ მათთან ერთად ვიმუშავებ. „ლოკომოტივში“ყოველდღე ვესაუბრებოდი ბატურენკოს და მიხსნიდა როგორ უნდა მეთამაშა ამა თუ უმ მომენტში. მაშინ ბევრი სათამაშო დრო მქონდა და ამიტომ, მათ დიდი სარგებელი მომცეს“, - თქვა კვირკველიამ.

აქვე გეტყვით, რომ „როტორი“ რუსეთის პრემიერლიგაში 23 ტურის შემდეგ მე-13 ადგილზეა და სამშვიდობო ზონას 8 ქულით ჩამორჩება. თუმცა, ვოლგოგრადელები პლეი-აუტის ზონაში იმყოფებიან და ამ გზით გადარჩენის შანსი გაცილებით მეტი აქვთ.

0.11698