ჭიდაობა

20:51 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ კენჭაძის ოქრო და ლადო ხინჩეგაშვილის ბრინჯაო ბუდაპეშტში

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობში ავთანდილ კენჭაძემ, რომელმაც ლიცენზია გუშინ ფინალში გასვლით მოიპოვა, ოქროს მედალიც მოიგო. მას ფინალში ხაჯიმურად გაჯიევთან უნდა ეჭიდავა, მაგრამ მეტოქემ ფინალში ასპარეზობაზე უარი თქვა და კენჭაძემ ოქროს მედალი დაისაკუთრა, თუმცა მას მთავარი მიზანი - ლიცენზიის მოპოვება მან ჯერ კიდევ ფინალში გასვლით შეასრულა.

გუშინ ფინალამდე 74 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა შესანიშნავად იჭიდავა და ფინალში გავიდა, რაც ავტომატურად ლიცენზიის ტოლფასი იყო. კენჭაძემ თავდაპირველად უკრაინელ დენის პავლოს აჯობა ადვილად (14:4), შემდეგ სომეხი ჰრაირ ალიხანიანი 10:2 დაამარცხა, მერე ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს სძლია (14:9), ნახევარფინალში კი ბულგარელ ალი პაშა უმარპაშაევს მოუგო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სხვათა შორის, ქართველი 0:6 მარცხდებოდა, მაგრამ ზედიზედ 2-2 ქულა მოიპოვა, ანგარიში 4:6 გახადა, ბოლოს მეტოქე შებოჭა და წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

თავისუფალ ჭიდაობაში ლიცენზიისთვის სხვა ქართველებიც ასპარეზობდნენ და მათ ლიცენზიის მოპოვება ამ ტურნირზე ვერ მოახერხეს. 65 კგ წონით კატეგორიაში ლადო ხინჩეგაშვილმა უკრაინელი ვასილ შუპტარი (3:1) და ფრანგი ილმან მუხტაროვი (8:2) კი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში სომეხ ვაზგენ ტევანიანთან 4:6 წააგო და ამ ეტაპზე ლიცენზიის გარეშე დარჩა. ლადომ ასპარეზობა რეპეშაჟში დღეს განაგრძო, პირველი ბრძოლა მოიგო, მედლისთვის შეხვედრაში მეტოქემ ბრძოლაზე უარი თქვა და ლადოს ბრინჯაოს მედლი ერგო.

86 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილმა კარგად დაიწყო და ჯერ პოლონელ სებასტიან იეჟიერჟანსკის აჯობა (4:2), მერე კი სლოვაკ ბორის მაკოევთან 0:6 წააგო და ლიცენზია ვერ მოიპოვა. იგივე გზა გაიარა 57 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილმა, რომელმაც მაკედონიელ ვლადიმირ ეგოროვს 10:0 მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში სომეხ არსენ არუთინიანთან 5:10 დამარცხდა.

74 კგ წონის გარდა, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ლიცენზია 97 კგ და 125 კგ წონით კატეგორიაში აქვს მოპოვებული. ტოკიოს საგზურები ჯერ კიდევ გასულ წელს ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შესაბამისად, ელიზბარ ოდიკაძემ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს. ასევე ორი ლიცენზია აქვს საქართველოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იმავე მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი მელიამ (97 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) შეძლეს საგზურების დაბევება.

20-21 მარტს ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველოს ნაკრებიდან ხალიჩაზე ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), გელა ბოლქვაძე (77 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ) გავლენ.

0.111911