ფეხბურთი

18:50 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა და თამაშისთვის ემზადება

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თამაშისთვის მზადაა. 24 წლის ნახევარმცველმა გამოჯანმრთელება იმაზე სწრაფად მოახერხა, ვიდრე პროგნოზირებდნენ.

ოთარმა დაზიანება ზუსტად ერთი თვის წინ მიიღო და წინასწარი ვარაუდით თვენახევარი მაინც გაუცდებოდა, მაგრამ როგორც გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა თქვა, მიმდინარე კვირაში ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

„ოთარ კიტეიშვილი მთელი კვირაა გუნდთან ერთად ემზადება, ფორმაშია და თამაშისთვის მზადაა. თუმცა, გავა თუ არა მოედანზე „ადმირასთან“, ამ გადაწყვეტილებას კვირამდე არ მივიღებ“, - აღნიშნა „შტურმის“ თავკაცმა.

კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი. „შტურმი“ კვირას „ადმირას“ დაუპირისპირდება, ამის შემდეგ კი ოთარი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. სხვათა შორის, ის ვილი სანიოლმა გამოიძახა უახლოესი მატჩებისთვის, რაც ნიშნავს, რომ მართლაც კარგადაა. ექიმების ვარაუდით კი მას სანაკრებო შეხვედრებიც უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ უფრო მალე შეძლო გამოჯანმრთელება.

0.121535