ფეხბურთი

2:24 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას სხვა კლასი "სან სიროზე": ევროპა ლიგაზე 1/4 ფინალი დაკომპლექტდა

ევროპა ლიგაზე რვავე მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. „არსენალს“, „რომას“, ზაგრების „დინამოსა“ და „გრანადას“ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „სლავია“, „ვილიარეალი“ და „აიაქსი“ შეუერთდნენ. შესაბამისად, ამ გუნდებს შორის ერთ-ერთი უსათუოდ ევროპა ლიგის გამარჯვებული იქნება. თუმცა, ცხადია, იქამდე ძალიან შორია. მანამდე მერვედფინალური ეტაპის ცენტრალურ შეხვედრასა და წყვილში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მილანს“ აჯობა.

არადა, ერთი კვირის წინ „ოლდ ტრაფორდზე“ იტალიელებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს და დამსახურებული ფრეც ირგუნეს (1:1). თუმცა, რატომღაც, მიმდინარე სეზონში „როსონერი“ რამდენადაც კარგია სტუმრად, იმდენად ცუდია „სან სიროზე“. ზოგადად, შეიძლებოდა სტეფანო პიოლის გუნდს არ წაეგო და მშვიდად, ნულოვან ფრემდე მიაყვანა თამაში, რაც აწყობდა, მაგრამ მოედანზე იყო პოლ პოგბა.

ინგლისელებმა უსახური პირველი ტაიმი ჩაატარეს, მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან მინდორზე პოლ პოგბა გამოჩნდა და განსხვავებაც ნათლად გამოჩნდა. ფრანგმა თამაში შეცვალა და შემთხვევითობა არ არის, რომ გოლი, რომელმაც არა მარტო ამ მატჩის, არამედ ორრაუნდიანი დუელის ბედი გადაწყვიტა, სწორედ მან გაიტანა, თანაც თამაშში ჩართვიდან სამ წუთში.

„მანჩესტერს“ მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლა მოუწია, აი, „ვილიარეალმა“ და „აიაქსმა“ ამ ეტაპზე კარგად ივარჯიშეს, ხოლო პრაღის „სლავიამ“ გლაზგოში შოტლანდიის ახალი ჩემპიონი „რეინჯერსი“ უშანსოდ და ტურნირს მიღმა დატოვა. ბოლოსკენ, ვთქვათ ისიც, რომ ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

„მილანი“ – „მანჩესტერი“ 0:1 (0:0) - ორი მატჩის ჯამში 1:2

გოლი: 0:1 პოგბა (48)

„რეინჯერსი“ – „სლავია“ 0:2 (0:1) – 1:3

გოლები: 0:1 ოლაინკა (14), 0:2 სტანჩუ (74)

„ვილიარეალი“ – „დინამო კიევი“ 2:0 (2:0) – 4:0

გოლები: 1:0 მორენო (13), 2:0 მორენო (36)

„იანგ ბოიზი“ – „აიაქსი“ 0:2 (0:1) – 0:5

გოლები: 0:1 ნერეში (21), 0:2 ტადიჩი (49)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124798