ავტოსპორტი

2:04 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რიკიარდო: მაკლარენის, რედ ბულს და რენოს მანქანების ძირითადი სხვაობა მუხრუჭებია

„მაკლარენის“ ახალწვეული დანიელ რიკიარდო ამბობს, რომ უკვე შეეჩვია თავისი ახალი მანქანის მუხრუჭებს. ავსტრალიელმა ბოლო ოთხ სეზონში სამი გუნდი გამოიცვალა. ის ამბობს, რომ ახალ მანქანასთან შეგუებისას, მთავარი კვლავ მუხრუჭებია, რომლებიც სამივე შემთხვევაში, განსხვავებულად მუშაობს.

„აშკარად განსხვავებული მუხრუჭებია და პირველ რიგში, სწორედ მასთან შეგუებაა მთავარი. რედ ბულიდან რენოში და რენოდან მაკლარენში გადასვლისას, მუხრუჭებში ალბათ ყველაზე დიდი სხვაობა იყო“, - ამბობს რიკიარდო.

„ეს ისაა, რაზეც ყველაზე მეტს ვმუშაობ. მინდა ვიცოდე, სადაა მანქანის მუხრუჭების ზღვარი. ჩემი აზრით, თუ წინა მანქანებს შევადარებ, ეს მანქანა საკმაოდ კარგია მუხრუჭების მხრივ“, - დასძენს ავსტრალიელი.

მას იმედი აქვს, რომ როგორც კი ზღვარს იპოვნის, მაშინვე დაიწყებს მისთვის დამახასიათებელ სტილში რბოლას და შეძლებს გვიან დამუხრუჭების ხარჯზე გასწრებებს.

„ახალ მანქანას განსხვავებული ხასიათი, პედლები, ჩასაჯდომი პოზიცია აქვს. მთავარია, ის ფიზიკურად სრულად აღიქვა. ეს კი მისი შესაძლებლობების უკეთ ათვისების საშუალებას მოგცემს. მუხრუჭები მექანიკურ შეგრძნებას ამძაფრებს“, - ამბობს რიკიარდო და დასძენს, რომ ახალი რეგლამენტი, რომელიც მანქანის ჩაჭიდების შესამცირებლად არის შექმნილი, ძირეულად ცვლის მანქანის ხასიათს.

„უკვე ვნახე, რომ ბევრი მანქანა ცურდებოდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ უკანა ბორბლების ჩაჭიდების მხრივ ყველაფერი მოგვარებული აქვთ. აშკარაა, რომ ზოგს ძირის კონსტრუქციის შეცვლამ, ბევრი პრობლემა შეუქმნა“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116718