ფეხბურთი

23:44 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს შეუძლია ჯგუფში სიტუაციის მარეგულირებელი იყოს"

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტსხიპმა მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის საწყისი მატჩებისთვის გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო. ამის შემდგომ 57 წლის ნიდერლანდელმა კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

„დასაწყისში ესპანეთთან და საქართველოსთან ორი უკიდურესად მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ესპანეთი უმაღლესი საფეხბურთო ძალაა და ყველა მწვრთნელისთვის ალბათ ყველაზე ძლიერ მეტოქეს წარმოადგენს. ხარისხიანი და გამოცდილი გუნდია, რომელსაც ახალი, არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს და ალტერნატივაც უამრავი აქვს.

საქართველოს ნაკრებში გამოჩნდა ახალი, ფრანგი მწვრთნელი, რომელსაც შესაბამისად, ახალი იდეები და განსხვავებული ფილოსოფია აქვს. ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ჯგუფში მარეგულირებლის როლი შეასრულოს და ამიტომ, მას დეტალური ანალიზი სჭირდება. დარწმუნებული ვარ, გუნდი მზადყოფნაში იქნება და თავის ყველა კონკრეტულ თვისებას გამოიყენებს სახლის ფაქტორთან ერთად, რათა საჭირო ქულები მოიპოვოს.

კოსტას მანოლასის და სოკრატის პაპასტატოპულოსის გამოუძახებლობა? ნაკრების კარი მათთვის დაკეტილი არ არის. დარწმუნებული ვარ, შესარჩევი ეტაპის დროს მზად იქნებიან და შემოგვიერთდებიან. ჩვენ გვყავს გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელები ნაზავი. თავიანთ გუნდებში კარგი თამაშის შემდეგ გამოვუძახეთ მაგალითად, პაპადოპულოსს და კაპინოს, დუვიკასი ახალგაზრდაა, რომელიც კლუბში მუდმივად თამაშობს და განსხვავებული სტილის შემოტანა შეუძლია“, - თქვა ვან ტსხიპმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები საბერძნეთს 31 მარტს, სალონიკში დაუპირისპირდება. „ჯვაროსნებს“ ელადელებთან ურთიერთშეხვედრებში ძალზე ცუდი სტატისტიკა აქვთ: 7 მატჩი, 0 მოგება, 1 ფრე და 6 წაგება.

0.115994