ფეხბურთი

16:15 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი "უფასთან მატჩში (+VIDEO)

ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი ეფექტური თამაში ჩაატარა. რუსეთის პრემიერლიგის XXII ტურში ყაზანელები „უფას“ ესტუმრნენ და იოლად, 3:0 სძლიეს.

ხვიჩამ 84 წუთი ითამაშა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. 30-ე წუთზე დენის მაკაროვმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა კი კვარაცხელიას ანგარიშზეა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მაკაროვის გოლი მთლიანად რუსი ფეხბურთელის კლასის შედეგი იყო.

42-ე წუთზე ხვიჩამაც გაიტანა. ის საჯარიმოში კარგად გაიხსნა, პასიც დროულად მიაწოდეს და ზუსტად დარტყმა ადვილად შეძლო. სხვათა შორის, "კვარას" გოლი "რუბინის" ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონატის ეგიდით საიუბილეო, 2700-ე გოლი გამოდგა. მეორე ნახევარში წერტილი ილია სამოშნიკოვმა დასვა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მაკაროვი დასახელდა, მანაც ჩვენებურის მსგავსად გოლი და საგოლე პასი გაიტანა, თუმცა, ორივე უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ხვიჩას შედეგიანი მოქმედებები. ვთქვათ ისიც, რომ „უფას“ მაისურით ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას 19 მატჩში 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. „რუბინმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და სეზონის განახლების შემდეგ უდანაკარგოდ ასპარეზობს. ლეონიდ სლუცკის გუნდი 37 ქულით უკვე მეხუთე ადგილამდე აღზევდა და ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის, ხოლო „უფას“ ერთადერთი მიზანი გადარჩენა უნდა იყოს, რადგან 14 ქულით მე-15 პოზიციაზე, გასავარდნ ზონაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114943