ავტოსპორტი

3:39 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის პირველი სპრინტ რბოლა სილვერსტოუნზე ჩატარდება

ფორმულა ერთის მთავარი აღმასრულებელი სტეფანო დომენიკალი აცხადბს, რომ ფორმულა 1-ში პირველი ექსპერიმენტული სპრინტ რბოლა სილვერსტოუნზე, ტრადიციული კვალიფიკაციის ნაცვლად ჩატარდება. მოკლე რბოლის დეტალები ჯერ საბოლოოდ დადგენილი არაა. თუმცა „ფერარის“ ყოფილი შეფი ამბობს, რომ სპრინტი მხოლოდ ნახევარი საათი გაგრძელდება.

სილვერსტოუნის გარდა, სპრინტ რბოლების ატარება სხვა ტრეკებზეც იგეგმება. ოღონდ, მოკლე რბოლებით ჩვეულებრივი, ორსაათიანის ჩანაცვლება არ იგეგმება. სპრინტი შაბათობით ჩატარდება, კვალიფიკაციის ახლანდელი ფორმატი კი პარასკევს გადაინაცვლებს.

სპრინტერულ რბოლებში პილოტები ქულების გამომუშავებას შეძლებენ. ოღონდ, ჯერ გადაწყვეტილი არაა, ეს ქულები ცალკე კლასიფიკაციაში ჩაიწერება, თუ მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლაში. უფრო მეტ დეტალებზე დისკუსია ბაჰრეინის ტესტების დღეებში გაიმართება.

„რა თქმა უნდა, ამით დიდი პრიზების პრესტიჟი არ უნდა შეილახოს. დიდი რბოლები, სარბოლო უქმეების მთავარ მოვლენად დარჩება. ჩვეულებრივ კვალიფიკაციებს პარასკევს ჩავატარებთ, შაბათს კი „სპრინტ კვალიფიკაცია“ გაიმართება. ამ რბოლებით, მაყურებელი მეტ სანახაობას, მედია კი მეტ სამუშაოს მიიღებს“, - ამბობს დომენიკალი და დასძენს, რომ სპრინტის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიები არ გაიმართება.

რაც მთავარია, მოკლე რბოლებში დაკავებული ადგილების მიხედვით, პილოტები მთავარი რბოლის სტარტზე ადგილებს გაინაწილებენ.

0.125658