ავტოსპორტი

1:43 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერარი SF21 - მარანელოელთა ახალი იმედი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 10 გუნდს შორის, „ფერარიმ“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი - SF21 ბოლომ წარმოგვიდგინა. მარანელოელები იმედოვნებენ, რომ ამ მანქანით, ისინი მოწინავეთა რიგებს დაუბრუნდებიან.

შარშან გუნდმა 1980 წლის შემდეგ ყველაზე უარესი სეზონი ჩაატარა. ამის მიზეზი, არაკონკურენტუნარიან აგრეგატთან ერთად, ცუდი აეროდინამიკა იყო. გუნდი ირწმუნება, რომ კარგად ჩასწვდა პრობლემების არსს და მოპოვებული ინფორმაცია, ავტომობილის სრულყოფისთვის გამოიყენა.

მარანელოელებმა გუნდის პრეზენტაციაზე, რომელიც უფრო ადრე ჩატარდა, გვამცნეს, რომ ახალი აგრეგატი (066) წინამორბედზე ძლიერია და როგორც კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, სწორზე მეტი სიჩქარის განვითარების საშუალებას იძლევა. ეს კი იმის იმედს იძლევა, რომ ახალ სეზონში გუნდი ისევ შეძლებს პოულებისთვის და რბოლებში გამარჯვებისთვის ბრძოლას. „ფერარის“ პილოტი ბოლოს პოულ პოზიციაზე მექსიკის 2019 წლის დიდ პრიზზე დადგა, ბოლო გამარჯვება კი იმავე წელს, სინგაპურში მოიპოვა.

სიახლეებია ავტომობილის გაფორმებაში: კოკპიტის უკან, სპონსორის ლოგო Mission Winnow მწვანედ გაფორმდა. გარდა ამისა, მანქანის უკანა ნაწილი მუქი ფერის წითელში (ბურგუნდიული წითელი) გაფორმდა.

ახალ სეზონში მონაკოელ შარლ ლეკლერს თანაგუნდელად ესპანელი კარლოს საინს უმცროსი ეყოლება, რომელიც „მაკლარენიდან“ გადმოვიდა.

წინასასეზონო ტესტები ბაჰრეინში 12-14 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.171178