რაგბი

13:44 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა "ა" ლიგა: პირველობა "ლელოს" შთამბეჭდავი გამარჯვებით განახლდა

პანდემიის გამო 4 თვით შეწყვეტილი ჭაბუკთა ’ა’ ლიგის პირველობა ვაზისუბანში, ‘არმაზი’-‘ბათუმის’ გადადებული შეხვედრით განახლდა. მართალია, აუტსაიდერმა ‘ბათუმმა“ ამჯერზეც ვერ მოახერხა ქულის აღება, თუმცა ლაშა დუმბაძის შეგირდებმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და ბრინჯაოსმედალოსან ქვემოქართლელებს დაგეგმილი პრემიალური ქულა არ დაანებეს.

თამაშსმოწყურებული მეტოქეები თავს არ ზოგავდნენ და მაღალ სიჩქარეზეც მოქმედებდნენ, თუმცა გადამეტებული აქტიურობის გამო ორივე გუნდს ბოლო ფაზაში რამდენიმე სალელოვე შეტევა ჩაეშალა. ამ მხრივ განსაკუთრებით ‘არმაზმა’ იზარალა. მართალია, პანდემიის პერიოდში ხანგრძლივი იძულებითი უქმობის მიუხედავად ქვემოქართლელებმა საბრძოლო შემადგენლობა შეინარჩუნეს, თუმცა დათო კიკნაძის ბიჭების სათამაშო პრაქტიკის უქონლობა თვალშისაცემი გახლდათ. მიუხედავად ამისა, ჰუქერ გიორგი შაქარაშვილის, მგეზავ ოთარ მეტრეველისა და მარქაფადან ჩართული ბურჯის ავთო გოგიაშვილის გატანილი ლელოებით, მასპინძლები შეხვედრას პრემიის მომტანი, ‘მშრალი’ ანგარიშით იგებდნენ, თუმცა შეუპოვარმა აჭარლებმა მატჩის მიწურულს ჰავბეკ ლაშა სარჯველაძის მიერ დადებული ლელოთი ფავორიტს ბონუსი არ დაანებეს 22:7.

‘არმაზმა’ მორიგი შეხვედრა პირველობის კიდევ ერთ აუტსაიდერ და აჭარელთა მსგავსად უქულოდ მყოფ ‘არესთან’ ქუთაისში გამართა და ამჯერზე ბონუსით 17:3 იმარჯვა.

მართალია, ‘ომის მრისხანე ღმერთი’ მატჩის დებიუტში ფულბეკ მარკოზ შავგულიძის ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა დარჩენილ დროში ქვემოქართლელები დომინირებდნენ, უპირატესად სწრაფ და მწყობრ თამაშში. დათო კიკნაძის შეგირდებმა ხელდახელ თამაშში 3 ლელოს გატანა მოახერხეს. პირველ ნახევარში- ფრთა რომეო ბოკუჩავა, მეორე ტაიმში კი კიდევ ერთი ფრთა გიორგი ნავროზაშვილი და ფულბეკი საბა თეიმურაზიშვილი გამოირჩნენ. ‘არმაზმა’ 15 ქულით ცხრილში მესამე პოზიციაზე აინაცვლა.

რუსთავში, წინაპირველობის ბრინჯაოსმედალოსანი ‘ხარები’ ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ დაუხვდა და მედგარი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად 37:14 დამარცხდა.

რიონისპირელთა ხაზი უკეთ გამოიყურებოდა. ოვალის სწრაფად ჩათამაშების ხარჯზე გაგა გურეშიძის ბიჭები მასპინძლეთა 22-იანში რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდნენ, რაც ‘აიას’ მხრიდან მთლიანობაში 5 დადებულ ლელოშიც აისახა. ‘ხარების’ ფრთა ბექა ბარათაშვილის მიერ მეორე ნახევარში გატანილმა ლელომ სტუმრებს პრემიის დაკარგვის საშიშროება შეუქმნა, თუმცა ფავორიტმა მატჩის ბოლოს ლუკა ბრეგვაძის ლელოთი, ბონუს-ქულის მომტანი უპირატესობა დაიბრუნა. სეზონში მესამე მარცხი ქვემოქართლელებს ცხრილში მეექვსე პოზიციაზე დაქვეითების ფასად დაუჯდათ.

‘ხარებს’, თბილისის ‘ლოკომოტივმა’ გადაასწრო. ვახტანგ კავთიძის შეგირდებმა ავჭალაში, ‘ბათუმთან’ ლაღად იბურთავეს და მატჩის პრემიით მოგება სეზონში პირველად მოახერხეს 22:7.

‘რკინიგზელთა’ გამარჯვებაში ლომის წილი ნიკა დარჩიაშვილმა დაიდო. ‘ლოკომოტივის’ ფრთამ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. აჭარლებმა შეხვედრის მიწურულს ჰუქერ ტარიელ თავბერიძის ლელოთი მხოლოდ ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხს დააღწიეს თავი, თუმცა ‘არესის’ მსგავსად ჩემპიონატს კვლავ უქულოდ აგრძელებენ. ‘ლოკომოტივმა’ კი სეზონში მესამე მოგებით ცხრილში მეხუთე ადგილზე აინაცვლა და ‘ხვამლთან’ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა.

‘ხვამლი’, მუხიანში ლიდერსა და მოქმედ ჩემპიონ ‘ლელოს’ დაუხვდა. მუხიანელები მატჩის დებიუტში ფულბეკ გიორგი ბურდულის ჯარიმით დაწინაურდნენ, თუმცა თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდები მასპინძლებს ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ, რაც შეხვედრის საბოლოო ანგარიშმაც ნათლად ასახა 48:3. ‘ლელომ’ სეზონში ხუთივე შეხვედრა პრემიით მოიგო და ჩემპიონი ასპროცენტიანი შედეგით, 25 ქულით ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს და ტიტულისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ‘აიას’ კვლავ 6 ქულით უსწრებს. ისიც აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონს’ ლელო არ გაუშვია.

‘ლელოს’ ხანგრძლივი პაუზით გამოწვეული უთამაშებლობა პრაქტიკულად არ დატყობია. ბუბუტეიშვილის ბიჭები მწყობრად, სისწრაფეზე სინქრონულად მოქმედებდნენ და მუხიანელებს ხაზს იოლად უჭრიდნენ. ლელოს გატანა ჩემპიონის ერთბაშად 8 მოთამაშემ მოახერხა /უმეტესად ხელდახელ თამაშით/. ‘ლელო’, ანგარიშში მგეზავმა პეტრე ხუციშვილმა დააწინაურა, მღლეტელ ნიკა სუთიძის ლელომ კი ჩემპიონის შთამბეჭდავი გამარჯვება დააფიქსირა.

rugby.ge

0.116079