სხვა

4:35 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვლჰოვამ ამჯერად საშინაო რბოლა მოიგო

სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ იასნ გორაში (სლოვაკეთი) დღეს მსოფლიო თასის გიგანტური სლალომის შეჯიბრი მოიგო და აბსოლუტურ ჩათვლაში, შვეიცარიელ ლარა გუტ-ბერამისთან ჩამორჩენა შეამცირა. გიგანტური სლალომის ბროლის გლობუსი კი იტალიელმ მარტა ბასინომ დაისაკუთრა.

პირველი ცდის შემდეგ, ლიდერობა ხელთ იგდო ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, ვინც წინა დღეს იქვე სლალომი მოიგო. ვლჰოვა მას 0.16 წამით ჩამორჩა. მეორე ცდის შემდეგ, სლოვაკს მხოლოდ ერთი მეტოქის, შიფრინის გამოსვლის ლოდინმა მოუწია. ამერიკელი ფერდობის ზედა ნაწილში სწრაფი იყო, მაგრამ შუაში სიჩქარე დაკარგა და საბოლოოდ, ვლჰოვასსთან 0.37 წამი წააგო. მესამე ადგილი ახალზელანდიელმა ელის რობინსონმა დაიკავა, ვინც მეორე ცდის შემდეგ, ხუთი ადგილით წინ წაწევა შეძლო.

ამ მოგებით, ვლჰოვამ გუტ-ბერამისთან, ვინც ეს რბოლა მეცხრე შედეგით დაასრულა, ჩამორჩენა 36 ქულამდე შეამცირა. ბასინომ კი გიგანტური სლალომის ჩათვლაში 510 ქულა დააგროვა და დარჩენილი ერთი რბოლის წინ, ყველა მეტოქისთვის მიუწვდომელი გახდა. მეორე ადგილზე მყოფ ფრანგ ტესა ვორლის 362 ქულა აქვს.

ვლჰოვა აბსოლუტურ ჩათვლაში მდევრის როლში კი არის, მაგრამ სეზონის ფინალის წინ (რომელიც შვეიცარიის ლენცერჰაიდეში გაიმართება), ორი სლალომი დარჩა გასამართი, რაც სლოვაკის ფავორიტი სახეობაა. სწორედ აქ შეუძლია მას ლიდერობის დაბრუნება.

0.102479