კალათბურთი

22:22 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმმა კაკტუსი ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში მე-7 გამარჯვება მოიპოვა

სუპერლიგის მორიგი ტური, რომელიც პარასკევს დაიწყო, დღეს ბათუმში დასრულდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმმა არჩილ ჟღენტის კაკტუსს უმასპინძლა და 9 ქულის სხვაობით – 86:77 (სტატისტიკა) დაამარცხა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. კაკტუსელებმა მეტოქეს სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიეს და გადამწყვეტ მომენტში მეტი შემართება რომ გამოეჩინათ, გამარჯვებასაც მიაღწევდნენ.

შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სამაი ჰეინს-ჯონსის სამქულიანით კაკტუსელები 72:69 დაწინაურდნენ. სწორედ აქ მოხდა გარდატეხა, რომელიც ბათუმელებმა სერბი ლეგიონერის, ნემანია კაპეტანოვიჩის დახმარებით მოახდინეს. ბალკანელმა უკანახაზელმა მიჯრით ჩააგდო სამქულიანი, ორიანი და საჯარიმოები, რასაც ლევან ელიაძისა და ნიკოლა ვუიოვიჩის ზუსტი სროლებიც დაერთო და მასპინძლებმა 3-წუთიანი მონაკვეთი 12:0 მოიგეს, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

საბოლოოდ მატჩი ისე დასრულდა, ბათუმელებს მოგება სათუო არ გახდომიათ. გამარჯვებულებს 20 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით ტომას უაილდერმა ულიდერა. 15 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი ნიკოლა ვუიოვიჩმა მიითვალა, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 13 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. კაკტუსელთაგან 25 ქულით საუკეთესო შედეგი სამაი ჰეინს-ჯონსმა დააფიქსირა.

GBF.GE

0.124312