ფეხბურთი

18:43 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოვიდ-ქაოსი ფეხბურთში: კლუბები ფეხბურთელებს ნაკრებებში არ უშვებენ

ინგლისის პრემიერლიგის დიდი გუნდები სანაკრებო შეკრებაზე ფეხბურთელების გუნდიდან გაშვებას საჯაროდ ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ პოზიცია უკვე რამდენიმე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა დააფიქსირა.

საქმე ისაა, რომ დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული შეზღუდვებია და არსებობს კონკრეტული ქვეყნები, საიდანაც ბრიტანეთში დაბრუნებულ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სპორტსმენებსაც 10-დღიანი კარანტინი ელოდებათ. ცხადია, თუ კლუბები ფეხბურთელებს ნაკრებებში გაუშვებენ, ისინი ვადაზე ადრე ვერ დაბრუნდებიან და 10 დღე კარანტინში მოუწევთ ყოფნა.

„ჩვენ არ შეგვიძლია მნიშვნელოვანი მოთამაშეების 10 დღით დაკარგვა. თუ გამოუვალ მდგომარეობაში გამოსავალი არ იქნება მოძებნილი, ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებებში არ წავლენ“, - თქვა „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.

იგივე დაადასტურა „ევერტონის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ: „თუ კარანტინი დადასტურდება, ფეხბურთელები კლუბს არ დატოვებენ“.

იგივე პათოსი გაიმეორეს მარსელო ბიელსამ და იურგენ კლოპმა. ნაკრებებში ფეხბურთელების გაშვებას არ ემხრობა „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი პაურისიო პოჩეტინოც. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით რთულად საქმე სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებთან მიმართებაშია.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო ფანჯარა 22 მარტიდან დაიწყება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119328