ავტოსპორტი

1:38 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

„უილიამსმა“ ახალი ფორმა მოირგო

ჰაკერული შეტევის მიუხედავად, „უილიამსმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, უფრო სწორედ, გასული სეზონის მანქანის მსუბუქად მოდიფიცირებული ვერსია - FW43B მაინც წარმოგვიდგინა. ავტომობილი ახალ ფერებშია გამოწყობილი, რითაც გუნდმა სიმბოლურად გვამცნო, რომ ახალ მფლობელთან, ამერიკულ საინვესტიციო კომპანია „დორილტონთან“ ერთად, თავის ისტორიაში ახალ ეპოქას იწყებს.

ახალი მფლობელის გარდა, ფორმულა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ხელმძღვანელიც ახალი ჰყავს - გერმანელი მენეჯერი იოსტ კაპიტო, ვინც „ფოლკსვაგენის“ რალის გუნდში მუშაობისას გაითქვა სახელი. მისი თქმით, „დორილტონს“ შორს მიმავალი გეგმები აქვს, რომლის მიზანიც, გუნდის პელოტონის სათავეში დაბრუნებაა.

„უილიმს რეისინგი სპორტის ლეგენდაა. ესაა გუნდი, რომელმაც საკუთარი წარმატებული რეპუტაცია, დიდი მონდომების წყალობით გამოსჭედა, რისთვისაც უხვად იყენებდა ინოვაციებს და ყოველთვის ამოძრავებდა გამარჯვების ჟინი“, - ამბობს კაპიტო.

მისივე თქმით, წარმატებები და წარუმატებლობა, ნებისმიერი გუნდისთვის ტიპიური მოვლენაა. ისტორიული მიღწევები, ძლიერი მოტივაციის წყაროა, მაგრამ მხოლოდ მათ იმედად ყოფნა არ გამოვა და ბევრი შრომა იქნება საჭირო იმისთვის, რომ წარმატებას ფ1-ის თანამედროვე ეპოქაშიც მიაღწიო.

აღსანიშნავია, რომ „უილიამსმა“ თავისი ახალი ავტომობილი, ტრასაზე სხვა გუნდებზე ადრე გამოსცადა. გუნდის პილოტებმა, 23 წლის ბრიტანელმა ჯორჯ რასელმა და 25 წლის კანადელმა ნიკოლას ლატიფიმ, ეგრეთ წოდებული გადაღებების დღე 17 თებერვალს, სილვერსტოუნზე ჩაატარეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154446