ფეხბურთი

2:34 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" ანტირეკორდები და ისტორიულად ცუდი სერია "ენფილდ როუდზე"

ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპულის“ ფიასკო გრძელდება. იურგენ კლოპის გუნდს „ენფილდ როუდზე“ ვერავინ იცნობს, რაც ცხადია ცარიელ ტრიბუნებთან კავშირშია, მაგრამ ასე იყო დეკემბრამდეც, თუმცა მაშინ ასე ნირწამხდარი გუნდი არ იყო.

პრემიერლიგის 27-ე ტურში „ლივერპულმა“ ოთხეულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და მორიგი თამაში წააგო. პირველ ტაიმში ლონდონელებმა ორჯერ გაიტანეს - ჯერ ტიმო ვერნერის გოლი გაუქმდა თამაშგარის გამო, ხოლო ტაიმის ბოლოს მეისონ მოუნთის გოლი წესებსი სრული დაცვით გავიდა. მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა და „ჩელსიმ“ 1:0 იმარჯვა.

ლონდონურმა გუნდმა მიჯრით ორი ფრის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და მეოთხე ადგილზეა 47 ქულით, ხოლო „ლივერპული“ ოდენ მეშვიდე ადგილზეა, 43 ქულა აქვს.

„ლივერპულს“ უკვე საგანგაშო მდგომარეობა აქვს, რაზეც სტატისტიკა ნათლად მეტყველებს: 2021 წელს პრემიერლიგის 11 თამაშში მხოლოდ 10 ქულა მოიპოვა და ამ პერიოდში ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ „ვესტ ბრომვიჩს“ (9 ქულა), „ნიუკასლს“ (7) და „საუთჰემპტონს“ (4) აქვთ.

და რაც მთავარია, „ლივერპულს“ „ენფილდ როუდზე“ ბოლოს 2020 წლის 17 დეკემბერს მოიგო, როდესაც „ტოტენჰემს“ 2:1 აჯობა. მას შემდეგ 6 მატჩია ვერ იგებს, ფრე „ვესტ ბრომვიჩთან“ და ბოლო 5 თამაში სულაც წააგო. „ლივერპულის“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ „ენფილდზე“ ზედიზედ 5 შეხვედრაში დამარცხდა და ასევე პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელიც შინ მიჯრით 5-ჯერ დამარცხდა.

შედარებისთვის - „ლივერპულს“ გასულ სეზონში 27 ტურის თავზე 79 ქულა ჰქონდა, ახლა მხოლოდ 43 აქვს და ყველაზე ნეგატიური სხვაობაა პრემიერლიგის ისტორიაში ჩემპიონის სტატუსით მოთამაშე კლებებს შორის...

0.151119