ჩოგბურთი

1:58 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიმ კლაისტერსი მაიამის ღიაზე უაილდ ქარდით ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, 37 წლის ბელგიელი კიმ კლაისტერსი, მაიამის ღია პირველობაზე, უაილდ ქარდით ითამაშებს. კლაისტერსს ეს ტურნირი ორჯერ (2005 და 2010 წლებში) აქვს მოგებული. მაგრამ 2012 წლის შემდეგ WTA-ს ტურის ტურნირებში აღარ მონაწილეობს.

რაც ჩოგბურთიდან წავიდა, კლაისტერსს სამი შვილი შეეძინა. ის დაბრუნებას შარშან თებერვალში აპირებდა, მაგრამ პანდემიის გამო, მხოლოდ ორი შეხვედრის გამართვა შეძლო. სეზონის მეორე ნახევარში, კლაისტერსმა რამდენიმე საჩვენებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას დიდი სლემის ოთხი ტიტული აქვს მოპოვებული.

„რამდენიმე წლის წინათ, მარტინა ნავრატილოვამ მითხრა, შენ ჩვენთან არ უნდა თამაშობდე, შენი ადგილი ტურზეაო. მაშინ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა მეცადა კიდეც“, - ამბობს კლაისტერსი, ვისი ქმარი, ბრაიან ლინჩი, ყოფილი პროფესიონალი კალათბურთელია. ისინი ნიუ ჯერსიში ცხოვრობენ და სამი შვილი ჰყავთ - 13 წლის ჯადა, 7 წლის ჯეკი და 4 წლის ბლეიკი.

კლაისტერსი პირველი მშობიარობის შემდეგ 2009 წელს დაბრუნდა და დიდი სლემის სამი ტურნირი მოიგო - ორჯერ (2009 და 2010 წლებში) აშშ-ის ღია პირველობა და ერთხელ ავსტრალიის ღია პირველობა (2011 წელს). ის იმ სამ ჩოგბურთელთაგანია, ვინც მშობიარობის შემდეგ შეძლო დიდი სლემის ტურნირზე გამარჯვება. პირველი ორია ავსტრალიელი მარგარეტ კორტი (1973 წელს) და ავსტრალიელი ევონ გოლაგონგ კოული (1980 წელს).

მაიამის ღია პირველობა 22 მარტს დაიწყება.

0.184794