ავტოსპორტი

1:51 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ასტონ მარტინ AMR21 - დაბრუნება 60 წლის შემდეგ

60 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც „ასტონ მარტინმა“ ფორმულა 1-ში უკანასკნელად იასპარეზა. და აი, დაბრუნება შედგა - ბრიტანულმა კომპანიამ, რომლის მფლობელიც კანადელი მილიარდერი ლოურენს სტროლია, თავისი ფორმულა 1-ის გუნდის (რომელიც სახელ შეცვლილი რეისინგ პოინტია) პირველი სარბოლო ავტომობილი - AMR21 გაგვაცნო.

გუნდმა გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ახალი მანქანის წარდგენისას კი სტროლმა არ დამალა, რომ ახალ სეზონში მისი მიზანი მესამე ადგილია. ამის იმედს მას ის გარემოება აძლევს, გასულ სეზონში გუნდმა „მაკლარენთან“ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მცირედით დათმო.

გარდა ამისა, გუნდში მოვიდა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, ვინც არ მალავს, რომ ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყებას აპირებს. გერმანელმა სერხიო პერესი შეცვალა, რომელიც „რედ ბულში“ გადავიდა. ფეტელს თანაგუნდელად ლანს სტროლი დახვდა.

„ამ დღეს დიდხანს ველოდი. მე ყოველთვის მანქანების მოყვარული ვიყავი. ასე ვარ ბავშვობიდან. ყოველთვის მიყვარდა რბოლები. პირველი ოცნება, ფორმულა 1-ის გუნდის ფლობა იყო. მეორე ოცნება, ასტონ მარტინ ლაგონდას მნიშვნელოვანი წილის მოპოვება იყო. დღეს რამდენიმე ოცნება ავისრულე. ჩემმა ოცნებებმა AMR21-ის სახე მიიღო“, - ამბობს სტროლი.

იმის გარდა, რომ „მერსედესის“ ძრავებს იყენებს, „ასტონ მარტინმა“ გერმანული კომპანიის გუნდის შარშანდელი მანქანის გადაცემათა კოლოფი და უკანა საკიდარიც მიიღო. გუნდის ხელმძღვანელ ოტმარ შაფნაუერის თქმით, ძალური დანადგარის ეფექტურობის გასაზრდელად, ინჟინრებმა გადააკეთეს რადიატორების კორპუსები და მათი შიგთავსი. ნაწილობრივი მოდიფიკაცია ჩაუტარდა მონოკოკს, რაც რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად გაკეთდა.

სხვათა შორის, სარბოლო ავტომობილის წარდგენას დისტანციურ რეჟიმში თვით ჯეიმს ბონდი - დანიელ კრეიგი დაესწრო.

შაფნაუერმა განაცხადა, რომ გუნდბისთვის საბიუჯეტო ჭერის შემოღების მიუხედავად, „ასტონ მარტინმა“ მას შემდეგ, რაც გუნდს ლოურენს სტროლი დაეპატრონა, თავისი შტატი დაახლოებით 25 პროცენტით გაზარდა.

დაბოლოს, შაფნაუერი ამბობს, რომ „ასტონ მარტინის“ ხუთწლიანი გეგმის შესაბამისად, გუნდმა ტიტულისთვის ბრძოლა უახლოეს ხუთ სეზონში უნდა დაიწყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.195465