ავტოსპორტი

3:09 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მერსედეს W12 მერვე ტიტულისთვის მზადაა

„მერსედესმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, W12 გაგვაცნო. გერმანული გუნდი იმედოვნებს, რომ ამ მანქანით, ლუის ჰამილტონთან და ვალტერი ბოტასთან ერთად, კონსტრუქტორთა ჩემპიონატის ზედიზედ მერვე ტიტულისთვის ბრძოლას შეძლებს.

თავად ჰამილტონიც მერვე ტიტულისთვის იბრძოლებს. ის და ბოტასი ერთად ზედიზედ მეხუთე სეზონს გაატარებენ. იმის მიუხედავად, რომ გასულ სეზონში, მსოფლიოს ჩემპიონის მეშვიდე ტიტული მოიპოვა, ჰამილტონმა მაინც მხოლოდ ერთი წლით გააგრძელა კონტრაქტი. თუმცა ამბობს, რომ ფ1-დან წასვლას ჯერ არ აპირებს.

გასულ სეზონში ჰამილტონმა და ბოტასმა 17-დან 13 რბოლა მოიგეს. ამასთან, კორონავირუსის გამო, ბრიტანელს ერთი ეტაპის გამოტოვებამ მოუწია.

სამქიმიანებმა ახალი სეზონისთვის, მანქანა განსხვავებულად გამოაწყვეს. ის ისევ შავი ფერისაა, ოღონდ ძრავის სეგმენტი ვერცხლისფრად გაფორმდა და ის AMG-ს წარწერებით დაამშვენეს.

გუნდმა არ გაამხილა, თუ კონკრეტულად რისთვის გამოიყენა მის განკარგულებაში არსებული ჟეტონები. მანქანის სრულყოფის ერთი მიმართულება, ძრავის და კერძოდ, მისი კინეტიკური ენერგიის აღდგენის კვანძის გამძლეობის გაუმჯობესებაა (რაც ჟეტონების გამოყენების გარეშე განხორციელდა). ეს ის ნაწილია, რომელმაც გასულ სეზონში ყველაზე მეტი პრობლემა შექმნა.

გუნდს შეფი ტოტო ვოლფი, რომელიც იმავდროულად, გუნდის მესამედის მფლობელიცაა (თავად დაიმლერთან და სპონსორ ინეოსთან ერთად), არ მალავს, რომ მორიგი ტიტულისთვის ბრძოლას ისახავს მიზნად:

„ჩვენ ყოველწლიურად სწორ მიზნებს ვისახავთ. ეს შესაძლოა მარტივად ნათქვამია, მაგრამ დამიჯერეთ, მისი შესრულება ძალიან რთულია. და ალბათ ამიტომ არის, რომ ჩვენს სპორტში სხვას არავის მოუპოვებია ზედიზედ შვიდი ტიტული. ძალიან ადვილია წარმატების შეჩვევა და მოდუნება. მაგრამ ამ გუნდს მსგავსი რამ არ სჩვევია. მე იგივე მონდომებას, ცეცხლს და ვნებას ვამჩნევ, როგორც 2013 წელს, როცა გუნდში მოვედი. ყოველი სეზონი ახალი გამოწვევაა და ახალ მიზანს გვისახავს, რომელსაც უნდა მივაღწიოთ“.

0.169546