ფეხბურთი

19:40 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "სპორტსმენები სამყაროს ვაერთიანებთ, პოლიტიკოსები - ყოფენ"

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სანრემოს მუსიკალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას და იმღერებს. იტალიაში ძალზე პოპულარული ფესტივალის დაწყებამდე ზლატანმა პრესკონფერენცია გამართა და სხვა და სხვა საკითხებზე ისაუბრა:

„დაპირისპირებაზე არ ვფიქრობ. ვინც მიცნობს, იცის, რომ პროფესიონალი ვარ. აქ იმისთვის ვარ, რომ იტალიას დავუბრუნო ის, რაც მან მომცა, არამხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით. როდესაც ეს შემოთავაზება მივიღე, ვიკითხე, რა არის სანრეო. მითხრეს, რომ ეს იტალიაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო. შესაბამისად, დავთანხმდი.

სამწუხაროდ მცირე ტრავმა მივიღე, მაგრამ ეს ფესტივალზე ჩემს პროგრამას არ ცვლის. რა თქმა უნდა, უფრო ადვილი გოლების გატანაა. ეს არ არის ჩემი სამყარო, მაგრამ მე კარგ ხელში ვარ ამადეუსთან და ფიორილოსთან. თუ შევცდები, ვერავინ გამასამართლებს, თუ კარგად გამოვალ, იქნებ, ფეხბურთის შემდეგ სხვა სამსახურიც მქონდეს. ნამდვილად გავერთობი.

ლუკაკუ? ჩვენს შორის არანაირი პირადი პრობლემა არ არსებობს, ის, რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება. თუ მას აქ მოსვლა სურს, მივესალმები. მიხაილოვიჩთან ერთად სიმღერა? იმედი მაქვს, რომ სინიშას კარგად სიმღერა არ შეუძლია, ასე ერთ დონეზე ვიქნებით.

ლებრონ ჯეიმსი? სპორტსმენები სამყაროს ვაერთიანებთ, პოლიტიკა - ყოფს. სპორტსმენი სპორტსმენი უნდა იყოს და პოლიტიკოსი - პოლიტიკოსი. მე სპორტის სამყაროში ადამიანებს მთელი მსოფლიოდან ვიცნობ, მაგრამ არსებობს რაღაც საკითხები, რაშიც საუკეთესოები არ ვართ. მხოლოდ ამ მესიჯის გაგზავნა მინდოდა მისთვის“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე სეზონში სერია A-ში 14 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ამჟამად ტრავმირებულია და მარტის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

0.111481