ფეხბურთი

2:10 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

Ciao Scudetto? "იუვენტუსი" აგრესიის და იდეის გარეშე

Ciao Scudetto - ახლა იტალიური ვებგვერდების უმეტესობაზე ასეთ სათაურს შეხვდებით, რაც „იუვენტუსს“ უკავშირდება და ალბათ, თარგმნა არ სჭირდება, ყველაფერი ისედაც გასაგებია.

2011 წლის შემდეგ იტალიას, როგორც ჩანს, ახალი ჩემპიონი ეყოლება. ანდრეა პირლოს გუნდი გზადაგზა ქულების პანტა-პუნტით დაკარგვას აგრძელებს და რასაკვირველია ასე „ინტერის“ გადასწრებას ვერ მოახერხებს, რომელთანაც ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. მაგრამ, „იუვეს“ დუხჭირ ცხოვრებაში მთავარი ქულათა რაოდენობა არ არის, გუნდის კატასტროფული თამაშის ხარისხია.

უფანტაზიო, უემოციო, უხარისხო, გაუგებარი, არეული - ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერა ძალიან მძიმედ დაიწყო, რადგან მისი გაწვრთნილი გრანდი სწორედ ზემოხსენებული სტილის ფეხბურთს თამაშობს. „იუვემ“ მორიგი ქულები „ვერონასთან“ საგარეო მატჩში დაკარგა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს გოლით ნახევარი საათი იგებდა, მაგრამ თამაშის ბოლოს გაუშვა, თანაც დამსახურებულად და ქულას დასჯერდა. თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა და შეეძლო, ეს ნამდვილად არ ყოფილა ტურინული კლუბი.

„ბებერმა ქალბატონმა“ ხუან კუადრადოს, დანილოს, ჯორჯო კიელინის, ლეონარდო ბონუჩის, ალვარო მორატას, პაულო დიბალას, არტურ მელოს გარეშე ითამაშა, რაც პრაქტიკულად ერთ გუნდს უდრის და შეიძლება ითქვას, ყველა მათგანი ძირითადი შემადგენლობის წევრია, მაგრამ ამის გარეშეც, „იუვეს“ „ვერონა“ უნდა დაემარცხებინა, რადგან მას აღარ აქვს ელემენტარულად შეცდომის უფლება. ანდრეა პირლომ ვერონული ფრე გამოუცდელობას დააბრალა, მოედანზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ ყველაზე მეტად გამოუცდელი თვითონ ჩანს და ეს გუნდის თამაშს ეტყობა, რომელშიც ხშირად წარმოუდგენელი შიში იგრძნობა. „იუვე“ ცდილობს უკნიდან შეტევის დაწყებას, მაგრამ არ გამოსდის, ფეხბურთელები ბურთს ხშირად კარგავენ და სწორედ ასეთი დაკარგული ბურთის შედეგად მიიღო საგოლე შეტევა.

„იუვენტუსი“ ჯერჯერობით მესამე ადგილზეა, მაგრამ კვალში მყოფი გუნდები ძალიან ახლოს არიან და არაა გამორიცხული სეზონის ბოლოს ტურინული გრანდი ოთხეულშიც აღარ იყოს. ყოველშემთხვევაში გუნდის თამაშის ხარისხი ამაზე მიუთითებს. ვნახოთ რა იქნება წინ, სეზონის ფინიშამდე 14 ტურია დარჩენილი, მაგრამ განვლილმა 24-მა ტურმა ბოლო ათწლეულის ყველაზე საშინელი „იუვენტუსი“ წარმოგვიდგინა. „ინტერს“ კი უნიკალური შანსი აქვს 2010 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგოს, მაგრამ ანტონიო კონტეს გუნდსაც სიფრთხილე მართებს, რადგან „მილანი“ სკუდეტოზე უარს ადვილად არ იტყვის.

„ვერონა“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:0)

ვერონა, „ბენტეგოდი“

„ვერონა“ (3-4-2-1): სილვესტრი; მანიანი, გიუნტერი, ლოვატო; ფარაონი (დავიდოვიში 84), სტურარო (ვიეირა 68), ილიჩი (ველოზუ 46), დიმარკო (ლაზოვიჩი 52); ბარაკი, ძაკანი (ბესა 84); ლაზანია

მწვრთნელი: ივან იურიჩი

„იუვენტუსი“ (3-4-1-2): შჩესნი; დემირალი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; კიეზა (დი პარდო 86), რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი; რემზი (მაკკენი 68); კულუშევსკი, რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 0:1 რონალდუ (49), 1:1 ბარაკი (77)

გაფრთხილება: ბარაკი (45), დავიდოვიში (90) - რემზი (18), დე ლიხტი (33)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 15 (6) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ფაბიო მარესკა

„სპეცია“ – „პარმა“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 კარამო(17), 0:2 ერნანი (25), 1:2 გიასი (52), 2:2 გიასი (72)

„ბოლონია“ – „ლაციო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მბაიე (19), 2:0 სანსონე (64)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123981