ფეხბურთი

19:15 | 26.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო იტალიური გუნდების წარუმატებლობაზე: "იტალიაში ევროპულ ფეხბურთს არ თამაშობენ"

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იტალიური გუნდების ფიასკო შეაფასა და კომენტარი გააკეთა. მერვედფინალის პირველ მატჩებში სამივე („იუვენტუსი“, „ლაციო“, „ატალანტა“) დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი ძალიან გაირთულეს.

კაპელო ფიქრობს, რომ იტალიური კლუბები ევროპულ ფეხბურთს არ თამაშობენ და სერია A-ს გუნდებში დიდი ხანია ტოპფეხბურთელები აღარ გადადიან.

„რაც ვნახეთ, შეგრძნება პოზიტიური ნამდვილად არ არის. კვალფიკაციის საკითხი ჯერ გასარკვევია, მაგრამ რაღაცები მაფიქრებს. ჩვენთან ტაქტიკა ისევ ძალიან პრივილეგირებულია სიძლიერის საზიანოდ. შედეგები ყველა მხრივ უარყოფითია: ტოპმოთამაშეები ჩვენს გუნდებში აღარ მოდიან და გუნდები ამის საზღაურს იხდიან. შეიქმნა კონტექსტი, რომელშიც ძნელია ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება, მაღალ დონეზე დასაბრუნებლად ხარისხი საჭიროა.

ჩვენი გუნდები ევროპულ ფეხბურთს არ თამაშობენ. ერთადერთი გამონაკლისი „ატალანტაა“, რომელიც ნამდვილად საერთაშორისო ფეხბურთს თამაშობს და ვისურვებდი, რომ „რეალთან“ 11-11-ზე თამაში გვენახა. გაძევებამ გუნდები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა, ვნახოთ, რა მოხდება მადრიდში.

„იუვენტუსი“? საბოლოო შეფასება საპასუხო მატჩის შემდეგ უნდა გავაკეთოთ, პირლომ მუშაობა მოსალოდნელი გარკვეული სირთულეებით დაიწყო. შემდეგ ის და გუნდი გაიზარდნენ. ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუსთან“ საპასუხო მატჩი მის მუშაობას პირველ რეალურ შეფასებას მისცემს.

მსაჯების არასწორი გადაწყვეტილებები სამივე იტალიური გუნდის წინააღმდეგ? ეს იყო გადაწყვეტილებები, რომლებმაც მატჩებზე გავლენა მოახდინა. მსაჯებს მაყურებლების გარეშე თამაშში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, მეტი მგრძნობელობა უნდა ჰქონდეთ. VAR-ი მსაჯს შეცდომის შემცირებასა და გამოსწორებაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ ყოველთვის ასე რატომღაც არ ხდება და ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგაზე „მილანი“ („ცრვენა ზვეზდასთან“ 2:2, 1:1) და „რომა“ („ბრაგასთან“ 2:0, 3:1) შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ხოლო „ნაპოლი“ ასპარეზობას გამოეთიშა („გრანადასთან“ 0:2, 2:1). რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, სამივე იტალიურმა გუნდმა პირველი თამაში წააგო - „ლაციომ“ შანსი თითქმის დაკარგა (1:4 „ბაიერნთან“), „იუვენტუსი“ (1:2 „პორტუსთან“) და „ატალანტა“ (0:1 „რეალთან“) საპასუხო მატჩის წინ შანსს ინარჩუნებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115285