სხვა

0:14 | 26.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუას და ფიურის შორის მოლაპარაკება გრძელდება

მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ენტონი ჯოშუა ირწმუნება, რომ თანამემამულე ტაისონ ფიურისთან ბრძოლაში „ბოსი“ თავად იქნება და ყველა პრესტიჟულ ტიტულს თავის ხელში გააერთიანებს.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ორი ბრიტანელი მძიმეწონოსანი ჩემპიონი ერთმანეთს ზაფხულში შეხვდება. ამასობაში, უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკი კიდევ ერთ ბრიტანელთან, ჯოი ჯოისთან აწარმოებს მოლაპარაკებას და მას იმისთვის შეხვდება, რომ ჯოშუასა და ფიურის შორის გამარჯვებულს, ყველა ტიტულისთვის დაუპირისპირდეს.

ჯოშუა ამჟამდ IBF-ის, WBA-ის და WBO-ის ტიტულებს ფლობს, ფიურის ხელში კი WBC-ს ქამარია. ჯოშუა ამბობს, რომ მორიგი შეხვედრის შემდეგ, მისი და ფიურის ბრძოლის მოლაპარაკებამ, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. და ის დასძენს, რომ ამ ბრძოლაში „ბოსი“ ის იქნება.

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბრძოლა ივნისში დაინიშნოს. ჰოდა, თუ ტაისონს სერიოზული მიზნები აქვს, და მე ვფიქრობ, რომ ასეცაა, მას ეცოდინება, სად უნდა მოვიდეს და ბოსი მოძებნოს. მე მზად ვარ. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას. ერთადერთი, რაც მინდა, არის ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა!“ - ამბობს ჯოშუა.

პრომოუტერი ედი ჰერნი ასახელებს რამდენიმე ადგილს, სადაც შესაძლოა ჩემპიონების შეხვედრა ჩატარდეს. ეს შეიძლება იყოს საუდის არაბეთი, შეერთებული შტატები, ყატარი, დუბაი, სინგაპური და ჩინეთიც კი. თუმცა ჯოშუა ამბობს, რომ ბრიტანეთის ვარიანტი კვლავ ძალაშია.

ენდი რუის უმცროსი, ვინც ჯოშუამ 2019 წელს დაამარცხა და ტიტულები დაიბრუნა, ორი ბრიტანელის შეხვედრაში უპირატესობას ფიურის ანიჭებს: „ვფიქრობ, საინტერესო ბრძოლა იქნება. მე მქონდა შეხვედრა ჰოშუასთან და არ შევხვედრივარ ფიურის. მაგრამ ტაისონ ფიური მაღალია და მეტოქეს ზევიდან უტევს. მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლას სწორედ ის მოიგებს. ჯოშუას ბოლო გამოსვლა დიდად არ მომეწონა. თუმცა მან საქმე კარგად გააკეთა“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117906